რუსთავი 2-ის საქმე

პროკურატურა: ახვლედიანმა უარყო გვარამიასთვის შანტაჟზე ინფორმაციის გადაცემა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი - 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა დაკითხვაზე უარყო რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის შანტაჟის შესახებ რაიმე ინფორმაციის გადაცემა. უწყების განმარტებით, რადგან ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა,  გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით დამატებით დაკითხავს რუსთავი ორის გენერალურ დირექტორს. 

"2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში მასთან შეხვედრისა და ხელისუფლების მოთხოვნის გადასაცემად მივიდა მისი მეგობარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი - 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. გზავნილი შეიცავდა მოთხოვნას, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ამ უკანასკნელს არ შეეშალა ხელი, წინაღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებდნენ მისი პირადი ცხოვრების ამასახველ ვიდეო ჩანაწერებს, სხვადასხვა სატელეფონო საუბრებს, მათ შორის ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან გამართულ სატელეფონო საუბრებს. 

ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი - 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ამ უკანასკნელმა დაადასტურა ნიკა გვარამიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ფარგლებში მათი სხვადასხვა ვითარებაში ხშირი შეხვედრები და მათ შორის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში 2015 წლის 21 ოქტომბერს შემდგარი შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის სახელისუფლებო გზავნილების გადაცემის, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ანდა სატელეფონო საუბრების მასალების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მოთხოვნის გადაცემის ფაქტი. ახვლედიანის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მსგავს თემებზე საუბარი არ ყოფილა, ყველა მათი შეხვედრის საუბარი ყოველთვის ატარებდა წმინდა მეგობრულ ხასიათს და გვარამიას განცხადება, რომ მან შეხვედრისას ამ უკანასკნელს გადასცა ხელისუფლების ზემოხსენებული მოთხოვნა არის სიცრუე. ორივე მოწმემ დაკითხვისას აჩვენა, რომ მათ შეხვედრებს სხვა მესამე პირი არ ესწრებოდა, ასევე არცერთ მხარეს არ ჩაუწერია საუბარი.

გამოძიების მიერ სისხლის სამართლის საქმეს დაერთო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც დაფიქსირებულია ალექსი ახვლედიანის ტელეკომპანიის შენობაში შესვლის და გასვლის კადრები. დათვალიერდა ნიკა გვარამიას მისაღები და სათათბირო ოთახი, სადაც 2015 წლის 21 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდნენ ნიკა გვარამია და ალექსი ახვლედიანი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტელევიზიის სათვალთვალო კამერებს არ გადაუღია მათი საუბარი, ვინაიდან შეხვედრის ოთახში არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. რადგან ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა,  გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით დამატებით დაკითხავს ნ.გვარამიას" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კომენტარები