შუალედური არჩევნები 2015

შუალედური არჩევნების დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება

პარლამენტის შუალედური არჩევნების დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება. არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება. საგარეჯოში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან თამარ ხიდაშელი (ქართული ოცნება), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი - ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია. რაც შეეხება მარტვილს, აქ სულ ორი კანდიდატია რეგისტრირებული - ეთერ მეძველია პატრიოტთა ალიანსიდან და სოსო დანელია ქართული ოცნებიდან. არჩევნების დასრულების შემდეგ გაირკვევა, 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რომელი 2 ახალი მაჟორიტარი დეპუტატი შეემატება. 

საგარეჯოში არჩევნები ქართული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

საგარეჯოს რაიონში რამდენიმე დარღვევაზე საუბრობენ დამკვირვებლები. რუსთავი 2-ის ცნობით, დარღვევები აღინიშნებოდა სოფელ დუზაგრამაში 38-ე საარჩევნო უბანსა და 48-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის წევრები აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს, შემოეხაზათ 41.

ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი 17:00 საათის მონაცემებით, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული ამომრჩევლების 28.1%-მა (12 946 ამომრჩეველი) მისცა ხმა, ხოლო მარტვილში - 33.1%-მა (11 084 ამომრჩეველი).

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, 17:00 საათის მდგომარეობით, დმანისში ამომრჩეველთა 26.7% მივიდა არჩევნებზე, ვანში - 40.4%, ხობში კი - 44.4%.

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში არ მონაწილეობენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცური პარტიები. მათი მთავარი პრეტენზია "უსამართლო საარჩევნო სისტემასა" და არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტს ეხება. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები 2012 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 2012 წლის არჩევნების დროს დადგენილი საზღვრების ფარგლებში ტარდება, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო ქვეყანაში მოქმედი მაჟორიტარული სისტემის მოდელი.

საგარეჯოში სულ 50 საარჩევნო უბანი და 46 ათასზე მეტი ამომრჩეველია, მარტვილის 39 უბანზე 33 500-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საგარეჯოში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა. მარტვილის ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია კი გარდაიცვალა.

კომენტარები