შუალედური არჩევნები 2015

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი თამარ ხიდაშელის ქმარს ცემაში სდებს ბრალს

თამარ ხიდაშელი
ქართული ოცნება

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი თარხან გასვიანი ქართული ოცნებიდან საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თამარ ხიდაშელის ქმარს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, შემთხვევა #42 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანება გასვიანს თავის არეში აღენიშნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ გასვიანი გიორგიწმინდის #20 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტშიც მონაწილეობდა.

თარხან გასვიანი ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

პარლამენტის შუალედური არჩევნები დასრულებულია. არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ჩატარდა. საგარეჯოში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან თამარ ხიდაშელი (ქართული ოცნება), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი - ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია. რაც შეეხება მარტვილს, აქ სულ ორი კანდიდატია რეგისტრირებული - ეთერ მეძველია პატრიოტთა ალიანსიდან და სოსო დანელია ქართული ოცნებიდან. არჩევნების შედეგებით გაირკვევა, 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რომელი 2 ახალი მაჟორიტარი დეპუტატი შეემატება.

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და მასში არ მონაწილეობდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცური პარტიები. მათი მთავარი პრეტენზია "უსამართლო საარჩევნო სისტემასა" და არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები 2012 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 2012 წლის არჩევნების დროს დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩატარდა, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო ქვეყანაში მოქმედი მაჟორიტარული სისტემის მოდელი.

საგარეჯოში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა. მარტვილის ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია კი გარდაიცვალა.

კომენტარები