სუს: დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის ჩვენებასაც გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისა და ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებთან მიმართებით, "საზოგადოებრივი აზრის არასწორი ფორმირებისკენაა" მიმართული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების გატარება გრძელდება.

"2015 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

გამოძიების ფარგლებში, ტარდება ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გამოძიების ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის შესწავლა. ასევე მოწმდება საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის ჩვენებას გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისა და ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არის მიმართული საზოგადოებრივი აზრის არასწორი ფორმირებისკენ. აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, გამოძიება აგრძელებს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას საქმეში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები