რუსთავი 2-ის საქმე

არის თუ არა წესების შექმნა მოსამართლის უფლებამოსილების ნაწილი?

დავით ზედელაშვილი
0 კომენტარი

ურთმელიძის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნის საფუძვლების, მმართველის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და მისი უფლებამოსილების განმსაზღვრელი ზოგადი ნორმების დადგენას სავარაუდოდ მოსამართლის მიერ სამართლის ანალოგიის გამოყენების უფლებამოსილებით გაამართლებენ, რაც მცდარია შემდეგის გათვალისწინებით:

სამართლის ანალოგია, არის მოსამართლის მიერ შესაბამისი საპროცესო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის არარსებობის დროს, საქმის საპროცესო სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით გადაწყვეტა. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი)

გულისხმობს თუ არა სამართლის ანალოგია მოსამართლის მიერ ახალი ზოგადი სამართლებრივი ნორმების დადგენის უფლებამოსილებას ? ამაზე პასუხი ცალსახად უარყოფითია. საპროცესო სამართლის ანალოგიის გამოყენებისას მოსამართლემ უნდა იხელძღვანელოს საპროცესო სამართლის ზოგადი პრინციპებით. ამ პრინციპებიდან უპირველესი არის მოსამართლის ვალდებულება დაემორჩილოს მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. კონსტიტუცია კი საკანონმდებლო უფლებამოსილებას ექსკლუზიურად უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს -პარლამენტს აკისრებს. სამართლის ანალოგია არის მხოლოდ ინტერპრეტაციის უფლებამოსილება, სადაც მოსამართლე საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს იყენებს კონკრეტული გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის, რომელსაც მხოლოდ მოცემულ საქმეში აქვს სავალდებულო ძალა. ამ შემთხვევაში ახალი ზოგადი ნორმები კი არ იქმნება, სამართლის ზოგადი პრინციპები ხდება ის ზოგადი ნორმები, რომელთა საფუძველზეც მოსამართლე ასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებას.

მოსამართლის მიერ ზოგადი ნორმების დადგენის უფლებამოსილება არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ ბალანსს და სამართლის ლეგიტიმურობის კონსტიტუციურ პირობებს. მოსამართლის მიერ კონკრეტულ საქმეში ზოგადი ნორმების დადგენა არაკონსტიტუციურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ამისთვის კონსტიტუციურად აუცილებელი დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში მოსამართლის მიერ ზოგადი წესების დადგენა ასევე არღვევს სამართლის უზენაესობის პრინციპსაც.

ჩვენგან განსხვავებით, მოსამართლის მიერ პრეცედენტის ფორმით ზოგადი წესების დადგენა ყველა კონსტიტუციურ სისტემაში არ არის აკრძალული. ეს არა მხოლოდ ამ სისტემათა ისტორიით და თავისებურებით, არამედ სამართლის უზენაესობის სათანადო გარანტიების არსებობით აიხსნება. სწორედ სამართლის უზენაესობასთან შესაბამისობა ანიჭებს საერთო სამართალში პრეცედენტს სამართლებრივ ძალას. Stare decisis ანუ პრეცედენტის სავალდებულო ძალა რამდენიმე საფუძველს ეყრდნობა. კერძოდ, stare decisis კონკრეტულ საქმეში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ პრინციპს/წესს სავალდებულოს ხდის ყველა მსგავს საქმეზე. ამით უზრუნველყოფილია სამართლის წესის ზოგადობისა და მისი თანასწორად გამოყენების ფუნდამენტური მოთხოვნები. დამატებითი დაცვის გარანტიაა რომ პრეცედენტი ექვემდებარება ზემდგომი სასამართლოების კონტროლს, ზემდგომი სასამართლოების მიერ მათ შევსებას/შეცვლას/გაუქმებას დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სასამართლოებს, რომლებიც იყენებენ პრეცედენტს აქვთ ვალდებულება დაასაბუთონ, რომ საქმის გარემოებები, რომელსაც უფარდებენ პრეცედენტში ჩამოყალიბებულ წესს არსებითად მსგავსია პრეცედენტული საქმის გარემოებებთან, რათა არ დაირღვეს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური გარანტია და არსებითად განსხვავებული პირებისა და გარემოებების მიმართ მსგავსი წესები არ გამოიყენონ. თუ მხარეება დაასაბუთეს, რომ განსახილველი საქმის გარემოებები განსხვავდება პრეცედენტის საქმის გარემოებებიდან (distinguishing the case- საქმის გამორჩევა) მოსამართლე ვეღარ დაეყრდნობა ამ პრეცედენტს. სწორედ კანონის წინაშე თანასწორობის და დასაბუთებული და გონივრული სასამართლო გადაწყვეტილების გარანტია უქმნის პრეცედენტს ლეგიტიმურობას და სავალდებულო ძალას.

ექნება კი ურთმელიძის მიერ დადგენილ დროებითი მმართველის მომწესრიგებელ წესებს ასეთივე სტატუსი? რომელიმე სხვა დავაში მხარემ დროებითი მმართველის დანიშვნა რომ მოითხოვს იმავე საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს ან თავად ურთმელიძესვე სხვა საქმეზე, დაუკმაყოფილებს ? რა თქმა უნდა არა. მაშინ რა გამოდის ? კონკრეტული საქმე (რუსთავი 2-ის) გადაწყდა სპეციალურად ამ საქმისთვის დადგენილი წესებით, რომლებიც ყველა სხვის მიმართ იდენტურ გარემოებებში არ იმოქმედებს. ეს არის სამართლის უზენაესობის პირდაპირი დარღვევა, ანუ სპეციალურად მხარისთვის მიღებული "ზომების" და "დირექტივების" და არა წინასწარ დადგენილი, ნათელი და განჭვრეტადი წესების საფუძველზე საქმის გადაწყვეტა. განჭვრეტადობა და სამართლებრივი უსაფრთხოება უხეშადაა დარღვეული. რუსთავი 2 ს არ შეიძლება ჰქონოდა მცირედი მოლოდინიც კი, რომ დროებითი მმართველი დაინიშნებოდა. თვითნებობის განამარტება სხვა არაფერია თუ შენი საქმის გადაწყვეტა იმ "წესით", რომელიც წინასწარ არ იცოდი, არც შეიძლება გცოდნოდა და არც შენს გარემოებებში მყოფი სხვა ადამიანების მიმართ არ გამოიყენებენ მომავალში.

შეგვიძლია გავაგრძელოთ მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევით, რომელმაც მხარეს არ მისცა შესაძლებლობა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენისა მაშინ, როდესაც მისი უფლების შემზღუდველ ზომას იყენებდა და მისი უფლებების გამოუსწორებლად დარღვევის საფრთხეს ქმნიდა; ასევე, დროებითი მმართველისთვის სარედაქციო პოლიტიკის კონტროლის უფლებამოსილების მიცემითა და შესაბამისად გამოხატვისა და პრესის ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევით. ამ გადაწყვეტილებით ნათლად დასტურდება სამართლის თეორიის მტკიცება, რომ ძალაუფლება სამართლის უზენაესობას მხოლოდ ადამიანის უფლებათა შელახვის მიზნით არღვევს.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ურთმელიძის მიერ სამართლის ანალოგიის გამოყენება ვერ ჩაითვლება საქმის სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით გადაწყვეტად, პირიქით მისი მსჯელობაც და გადაწყვეტილებაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საპროცესო სამართლის, არამედ კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს, განსაკუთრებით კი სამართლის უზენაესობის პრინციპსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები