რუსთავი 2

გოცირიძე: მართლმსაჯულების დასაცავად შეიძლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა

0 კომენტარი
ევა გოცირიძე ფოტო: რუსთავი 2

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ მართლმსაჯულების ავტორიტეტის დაცვასა და ამ კუთხით გარკვეულ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საჭიროებაზე ისაუბრა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მისთვის "დიდი საოცრებაა", რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს.

"როგორ შეიძლებოდა, ყოფილიყო აღქმული და წაკითხული როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, ჩემთვის არის დიდი საოცრება. ყველას შევახსენებ, რომ სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი არის ის დებულება, ის საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპი, რომელიც საერთოა მთელ მსოფლიოში. ეს არის საერთო ევროპული სტანდარტი. მართლმსაჯულების ავტორიტეტი და პრესტიჟი არის აბსოლუტურად შეუვალი ღირებულება და მის დასაცავად შეიძლება, შეიზღუდოს ყველას გამოხატვის თავისუფლება, იმ ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება, რომლებიც ავრცელებენ ცალმხრივ შეუმოწმებელ ინფორმაციებს", - თქვა გოცირიძემ.

თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაში ეწერა, რომ "საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორები) მმართველობის პირობებში ეს საკითხიც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითადი დანიშნულებას". საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, აშკარაა, რომ მოცემული მსჯელობა წარმოადგენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებაში ჩარევას და არანაირი კავშირში არ აქვს "რუსთავი 2”-ის წილების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავასთან.

ამასთან, განჩინებაში თამაზ ურთმელიძე აღნიშნავს, რომ მმართველი პირების[რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი] დანიშვნის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა მოქმედი მმართველობის მიერ მოძრავი ნივთების განზრახ დაკარგვის ან/და განადგურების საფრთხე. TI-ის მოსაზრებით, მოცემულ პირობებში გაუგებარია, რატომ მიანიჭა სასამართლომ დროებით მმართველებს ისეთი ფუნქციებიც, როგორიცაა საკადრო პოლიტიკის მართვა, მათ შორის შიდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა (ოპტიმიზაცია). "სასამართლო მოცემული მსჯელობის დასაბუთების მიზნით არ აკეთებს არანაირ განმარტებას, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას გვემსჯელა მოცემული უფლებამოსილების მინიჭების საჭიროებაზე.  ამგვარ პირობებში მიგვაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არხის სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევისაკენ პირდაპირ მითითებას წარმოადგენს და საშუალებას აძლევს დროებით მმართველებს, შეცვალონ არხის სარედაქციო პოლიტიკა, გაათავისუფლონ ტელეკომპანიის მოქმედი სარედაქციო გუნდი, მათ შორის რედაქტორები და ჟურნალისტები", - წერია ორგანიზაციის შეფასებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა აბაშიძე

კომენტარები