ტერორიზმი

ენმ საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და არ იცავენ ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან. მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობამ მოსახლეობას გააგებინოს, რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით. 

"მთელ მსოფლიო დგას ტერორიზმის საფრთხის წინაშე და ცხადია, საქართველო არ არის ამოვარდნილი კუნძული, განცალკევებით მდგარი ქვეყანა, რომელსაც ეს საფრთხეები არ ემუქრება და არ შეეხება. ჩვენი შეშფოთების საგანია ის, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები არ დგამენ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანას ააცილონ მოსალოდნელი საფრთხეები. ისინი მთლიანად დაკავებული არიან პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ოპოზიციური ტელეარხების კონტროლით, მათზე თვალთვალით და ის ფუნქცია, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებს რეალურად ეკისრებათ, ანუ ქვეყნის გადარჩენა ტერორიზმის საფრთხისგან, ეს ფუნქცია მათი მხრიდან არ სრულდება. ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ აუცილებელია, მთავრობამ მოსახლეობას გააგებინოს, რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით, როგორ მუშაობენ ეს სამსახურები. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის მთავარსარდალს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, აიღოს კოორდინაცია და უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისმა სამსახურმა ამ ძალიან რთულ ვითარებაში იმუშაოს კოორდინებულად და გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად", - თქვა ნადირაშვილმა.

13 ნოემბრის ღამეს, პარიზში, ერთდროულად რამდენიმე ადგილზე განხორციელებული ტერაქტისას, 129 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 352 დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა.

კომენტარები