Gazprom-თან მოლაპარაკებები

დღეს, 20:00-ზე, თბილისის მონუმენტთან გაზპრომის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

0 კომენტარი

დღეს, საღამოს რვა საათზე, მთაწმინდის პარკის გზაზე, თბილისის მონუმენტთან გაზპრომის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

"საქართველოს ხელისუფლება დეკემბრამდე აპირებს გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმებას. ეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის პირველი პირი მზადაა, ნებისმიერი მოცულობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს. რუსული გაზი ძვირია და არასტაბილური. ის შანტაჟის იარაღია. აზერბაიჯანული გაზი იაფია და სტაბილური. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არჩევანის რუსეთზე შეჩერება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და არა ეკონომიკური", - აცხადებს აქციის ორგანიზატორი პლატფორმა - დაიცავი თავისუფლება. 

გაზპრომთან კონტრაქტის ხელმოწერის თარიღი მალე გახდება ცნობილი. ტაბულას კითხვაზე, "ხომ არ არის ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის დასრულდება GAZPROM-თან მოლაპარაკებები", ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ირაკლი გაფრინდაშვილი პასუხობს, რომ კონკრეტულად არ იცის, თუმცა, "უახლოეს მომავალში იქნება". ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მინისტრ კახა კალაძის განცხადება დეკემბრამდე GAZPROM-თან მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, ძალაშია. ენერგეტიკის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ GAZPROM-თან მომდევნო შეხვედრის თარიღი როცა ჩაინიშნება, ამის შესახებ წინასწარ გახდება ცნობილი.

"ეცნობება მედიას და საზოგადოებას. წინა შეხვედრების მსგავსად, ესეც არ იქნება დახურული და გავრცელდება წინასწარ ინფორმაცია. თარიღი ჯერ არ არის დაკონკრეტებული. რაც შეეხება მოცულობას, ეს არის იმაზე დამოკიდებული თუ ტრანზიტიდან, რომელსაც აწვდის რუსეთი სომხეთს, იქიდან ჩვენ რა დაგვრჩება მომავალ წელს, ანუ რა რაოდენობის მიღებას აპირებს ამ ტრანზიტით სომხეთი და შემდეგ უკვე იქნება საუბარი დამატებით მოცულობებზე, ჯერ ეს ტრანზიტის თემა არის პირველ ეტაპზე", - უთხრა ტაბულას ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ელენე კერესელიძემ.

20 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ Gazprom-თან მოლაპარაკებები დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა და რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები იმისთვისაა აუცილებელი, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები