აქციზის გადასახადი

აქციზის გაძვირებამ ლუდის ბაზარი 15%-ით შეამცირა

Lakelandbeerfest

საქართველოში ლუდის მოხმარება შემცირდა, ამის მიზეზი მარტიდან აქციზის გადასახადის გაძვირებაა. ცვლილებების შედეგად აქციზის გადასახადი 50%-ით, ლიტრზე 60 თეთრამდე გაიზარდა. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ლუდის მოხმარების შემცირება აქციზის გადასახადის ზრდას არ უკავშირდება.

ფაქტჩეკის კვლევის მიხედვით, საქართველოში ლუდის ბაზრის მოცულობა 2006-2014 წლებში 45%-ით გაიზარდა. ბაზარი ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2010 წელი იყო (2010 წელს ლუდზე აქციზმა მოიმატა და 20 თეთრის ნაცვლად, 40 თეთრი გახდა). 2011-2014 წლებში ლუდის მოხმარება წელიწადში 100-105 მლნ ლიტრს შორის მერყეობდა. დღევანდელი მდგომარეობით, იმპორტირებულ ლუდს ბაზრის მხოლოდ 3% უჭირავს, 97% კი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. 2015 წლის მარტ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (აქციზის გაზრდამდე პერიოდი) ლუდის ბაზარი 15%-ით შემცირდა.

აქციზის გადასახადის ზრდას ადგილობრივი კომპანიებისგან უარყოფითი შეფასება მოჰყვა, ლუდის მსხვილი მწარმოებელი კომპანიები ნატახტარი, ზედაზენი და კასტელი მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ. კომპანიებში განმარტავენ, რომ აქციზის გაძვირება მათთან კომუნიკაციის გარეშე მოხდა. კომპანიებმა აქციზის გაძვირების საწინააღმდეგო კამპანია "არ გამიძვირო ლუდი!“ წამოიწყეს.

აქციზის გადასახადს სახელმწიფოები ძირითადად უარყოფითი გარეგანი ეფექტების მქონე პროდუქტებზე იღებენ, როგორიცაა: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და სხვა. ამ გადასახადის მიზანს სწორედ მსგავსი პროდუქციის გაყიდვების შემცირება წარმოადგენს, რადგანაც მიჩნეულია, რომ თაბაქო და ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მათზე აქციზის ზრდით კი მოსახლეობას ამ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა უმცირდება.

კომენტარები