კრიმინალი

შსს: კამპუსის დამფუძნებლის მიხეილ ხუნდაძის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კამპუსის დამფუძნებლის მიხეილ ხუნდაძის დაჭრაში ბრალდებული ინციდენტიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მიხეილ ხუნდაძე კამპუსში ლექციის დროს, დანით დაჭრეს. მომხდარს კამპუსი მიზანმიმართულ დისკრიმინაციად და ძალადობად აფასებს. ბიბლიოთეკა ძველ ტერიტორიაზე ფუნქციონირებას წყვეტს და ალტერნატიულ სივრცეს ეძებს. 

"მოგეხსენებათ, კამპუსი არის ბიბლიოთეკა, თავისუფალი სახელოვნებო-საგანმანათლებლო სივრცე. მისი ფორმატი ითავსებს საჯარო ლექციებსა და სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობებს. კამპუსის ატმოსფეროს სტუდენტები და პროფესიონალები ერთობლივად ქმნიან. კამპუსი მდებარეობს ვერაზე, მილორავას ქ. # 8ა-ში, ბელინსკისა და არაგვის ქუჩებს შორის. კვირა საღამოს, 15 ნოემბერს კამპუსში მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი. როგორც ჩანს, "უბანში" არსებული სოციალური გარემო არ აღმოჩნდა მზად, მიეღო მსგავსი ტიპის სივრცე. არატოლერანტული დამოკიდებულება გადაიზარდა აგრესიაში, რასაც მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება. ცივი იარაღით, გულმკერდის არეში მძიმე დაზიანება მიიღო კამპუსის დირექტორმა მიხეილ ხუნდაძემ. საბედნიეროდ, მიშა გადარჩა და მძიმე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ კამპუსი მომხდარს განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ დისკრიმინაციას და ძალადობას ზოგადად მსგავსი ნიშნის მატარებელი ნებისმიერი თავისუფალი სივრცის წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტი არა მხოლოდ ერთი "უბნის", არამედ საზოგადოების პრობლემაა. კამპუსი აცნობიერებს, რომ ის მახინჯი, იდეოლოგიზირებული ინტერპრეტაციის მსხვერპლია, რომლის უკან "სოციალური ნორმის" დამცველი, მოძალადე დისკურსი დგას. მიუხედაავად "უბანში"არსებული ნეგატიური განწყობისა, უნდა აღინიშნოს, რომ "უბნელი" ახალგაზრდობის კეთილგანწყობილი ნაწილი დაინტერესებული იყო ჩვენი საქმიანობით და აქტიურად ერთვებოდა მუშაობის პროცესში. კამპუსი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცნობიერებულად წყვეტს ფუნქციონირებას. ამჟამად ჩვენ ალტერნატიული სივრცის ძიების პროცესში ვიმყოფებით. სივრცის მოძიებისთანავე გაცნობებთ ახალ ადგილმდებარეობას, სადაც კამპუსი განაახლებს მუშაობას", - ნათქვამია კამპუსის განცხადებაში.

კომენტარები