მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი

წულუკიანი: საგამოძიებო უწყებაში მოწმის დაკითხვის გაუქმებისთვის მზად არ ვართ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო სისტემა არ არის მზად, მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი. მისი თქმით, 2016 წლის 1 იანვრიდან მოწმის დაკითხვის სასამართლოში გადატანა სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში.

"ის წესი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 1 იანვარს, თუ ამოქმედდება, ჩვენ საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან. დღეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ 1 იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შემოვიდეს სრულიად გაუაზრებელი, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში," - აღნიშნა თეა წლუკიანმა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას ითხოვს. სამინისტრომ საკუთარი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო განხილვების დაწყებამდე, სამართალდამცავმა ორგანომ მოწმე მაგისტრატი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაკითხოს.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ეწინააღმდეგება კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით შემოდის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისთვის პრინციპულად შეუთავსებელი ელემენტები, უარესდება დაცვის მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და, ზოგადად, საფრთხე ექმნება მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს. კოალიციის აზრით, შემოთავაზებული წესის ამოქმედება მომავალში არაერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემას შექმნის.

კომენტარები