რუსთავი 2

სუს-ი რუსთავი 2-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდა

უშიშროების სამსახური რუსთავი 2-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ფინანსური დირექტორის მძღოლი კახა კუბლაშვილი ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა და კახა კუბლაშვილი ტონირებულ მინებიან Toyota Camry-ში გადასვეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები მას სუს-ის თანამშრომლებად წარუდგნენ. 

თითქმის ორ საათიანი დიალოგის მიზანი კუბლაშვილის გადაბირება იყო. მათი საუბრიდან გამომდინარე, ისინი დიდი ხანია, თვალთვალს აწარმოებენ კომპანიის ფინანსურ დირექტორზე.

კუბლაშვილის თქმით,  სუს-ის წარმომადგენლები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში პირობების გაუმჯობესებასაც დაპირდნენ. 

"საბუთები მთხოვეს, შემდეგ მკითხეს, ხომ არ მქონდა იარაღი. ვუპასუხე, რომ არ მქონდა. შემამოწმეს და ამის შემდეგ მანქანაში ჩამისვეს. დამიწყეს საუბარი, რატომ მუშაობ ამდენ ხანს რუსთავი 2-შიო და ასე შემდეგ. იცოდნენ ვინც იყო ჩემი უფროსი - კახა დამენია. მითხრეს, მიდის ის კომპანიიდან, შენ რჩები და ამ ხელფასზე რატომ უნდა იმუშაო. უფრო მეტი ხელფასი შემომთავაზეს. შენ ბევრი რამე გეცოდინება - სად მიდის შენი უფროსი და ვის ხვდებაო.

ვუთხარი, რომ ჩემთან ჩემი უფროსი ჩემთან შეხვედრების დეტალებზე არ საუბრობს. მითხრეს, რომ ოპერატიული სამსახური იყო, მაგრამ სავარაუდოდ შსს-ის თანამშრომლები იყვნენ. სულ სამი პირი იყო. ალბათ შევძლებ ამოცნობას იმ პირის, ვინც საუბრის დროს ყველაზე აქტიური იყო", - განაცხადა კუბლაშვილმა

კომენტარები