საერთაშორის სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის რეკომენდაციები მთავრობას

0 კომენტარი
ფოტო: jornadadiaria.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია მარკ გრიფიტსის ხელმძღვანელობით საქართველოში 9-21 ნოემბრის შუალედში იმყოფებოდა. მისიის ხელმძღვანელმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საუბარი საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხება. გრიფიტსი მთავრობას მოუწოდებს უფრო გულდასმით გააკონტროლონ ბიუჯეტის ხარჯვა და არ დაუშვან დეფიციტის ზრდა. მარკ გრიფიტსი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზეც საუბრობს და მთავრობას ბიუჯეტის უფრო ზუსტ დაგეგმვას ურჩევს. გრიფიტსი მიმართვაში ეროვნული ბანკის საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისია ეროვნული ბანკის პოლიტიკას სრულად უჭერს მხარს. 

მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფიტსის ოფიციალური მიმართვა:

საქართველოს ეკონომიკა კვლავ იმყოფება მძიმე საგარეო შოკის გარემოში. ეკონომიკის შენელებამ და მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ვალუტების გაუფასურებამ დააქვეითა საქართველოს ექსპორტი და ფულადი გზავნილები. ქვეყანაში შემცირდა უცხოური ვალუტის შემოდინება, რასაც დაერთო ამერიკული დოლარის საერთაშორისო გამყარება, რამაც ლარის 35%-ზე მეტად გაუფასურება გამოიწვია. ეს გაუფასურება ქვეყანას საგარეო შოკის მიმართ გათანაბრებაში ეხმარება, თუმცა მან ამავდროულად მოსახლეობისთვის დოლარში გაცემული სესხების გაძვირება გამოიწვია.

მძიმე საგარეო შოკის მიუხედავად, ეკონომიკა სტაბილურობას იძენს. ეკონომიკური ზრდა იმაზე მცირედით უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს უფრო ადრე იყო პროგნოზირებული და წლის ბოლომდე ის 2.5%-ს მაინც მიაღწევს. 2016 წელს კი სავარაუდოდ 3%-მდე გაიზრდება. ამ პროგნოზის სიმყარეს საგარეო შოკების რისკები ამცირებენ, რაც შემდგომში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების რისკში გამოიხატება. ამავდროულად საქართველოში ინფლაცია იზრდება და ის წლის ბოლომდე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე 5%-იან მაჩვენებელს გადააჭარბებს. 

საგარეო შოკებმა გამოიწვიეს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (საგადამხდელო ბალანსის) დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 11%-მდე გაზრდა. მაგრამ არსებობს პოზიტიური სიგნალებიც: ექსპორტი და ფულადი გზავნილები სავარაუდოდ უკვე მაქსიმალურად შემცირდნენ, თუმცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მცირედით იზრდება. იმპორტი წლის მესამე კვარტალში 8%-ით შემცირდა. ამ შემცირების გამო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს სავარაუდოდ 9% გახდება. 

ეკონომიკის შენელების მიუხედავად, მთლიანად მთავრობის შემოსავლები წელს უნდა გაიზარდოს, რადგანაც საგადასახადო შემოსავლები გეგმის მიხედვით შესრულდა, საერთაშორისო გრანტები კი დაგეგმილზე უფრო მაღალი იყო (სავარაუდოდ გაცვლითი კურსის ცვლილების გამო.) ამ გაზრდილმა შემოსავლებმა კი ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ზე უნდა შეინარჩუნოს, იმისდა მიუხედავად, რომ წელს საქართველოს მთავრობამ დაგეგმილზე მეტი დახარჯა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების დაფინანსებას, მთავრობის მიერ სუბსიდიების გაცემას და ივნისის სტიქიის მძიმე შედეგების აღმოფხვრას მოხმარდა.   

3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც წამოყენებულია ბიუჯეტის პროექტით 2016 წლისთვის ქვეყანას ინკლუზიურ ზრდასა და საგარეო ფაქტორების მიმართ სტაბილურობის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს. მთავრობა 2016 წელს სოციალური დაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებისა და პენსიების ზრდაში გამოიხატება. ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ 2016 წელს საკუთარ ხარჯებს მონიტორინგი გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით გაუწიოს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ხარჯები სწორად გაანაწილოს, რათა გაზრდილი ხარჯები მთავრობამ დეფიციტებით არ დააფინანსოს. 

სავალუტო ფონდის მისია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას. ეროვნულმა ბანკმა ლარს თავისუფლად ცურვის საშუალება მისცა და რომელმაც ზუსტი და დროული სავალუტო ინტერვენციები განახორციელა. საქართველოს მსგავსი გრძელვადიანი შოკების გასანეიტრალებლად სავალუტო რეზერვების მარაგების ხარჯვა გამოსავალი არაა. ლარის გაუფასურება იყო საგარეო შოკის აბსორბატორი, რადგანაც მისი გაუფასურებით შემცირდა იმპორტი, კონკურენტუნარიანობა შეუნარჩუნდა ადგილობრივ საქონელს და სიმყარე შეუნარჩუნდა ფულად გზავნილებს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანის - ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საჭიროა, რომ ლარმა შეინარჩუნოს მცურავი გაცვლითი კურსი. ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს სრული ოპერაციული დამოუკიდებლობა. 

მთავრობის წევრები ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გატანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ზედამხედველობა დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და კომერციული ზეწოლისგან. 

სავალუტო ფონდის მისია მადლობას უხდის ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, მთავრობის კაბინეტის წევრებსა და ეროვნულ ბანკს ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები