საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშში საპატიმრო დაწესებულებებში ე.წ. კანონიერი ქურდებისა და "მაყურებლების" შესახებაც არის საუბარი. კომიტეტის დელეგაცია საქართველოში საპატიმროებს 2014 წლის 1-დან 14 დეკემბრამდე აკვირდებოდა.
"დელეგაციის სტუმრობისას, #7 დაწესებულებაში იმყოფებოდა 108 პატიმარი, თუმცა, საწოლი მხოლოდ 102 იყო, რაც ციხის გადატვირთულობაზე მიანიშნებს. დაწესებულებაში იმყოფებოდა 72 მოზრდილი მამაკაცი, 6 "კანონიერი ქურდისა" და 3 ყოფილი "კანონიერი ქურდის" ჩათვლით. პატიმრების ნაწილი კი იყვნენ "მაყურებლები" ან ყოფილი "მაყურებლები". სამს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ორი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ზოგიერთი პატიმარი რუსთავის #6 დაწესებულებიდან იყო გადმოყვანილი.
დელეგაციას პატიმართაშორის ძალადობაზე ადგილზე ინფორმაცია არ მიუღია. ამის შესახებ სახალხო დამცველისა და ახალაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროშიც დადასტურდა. ასევე იყო საუბარი, რომ 2013-2014 წლებში პატიმრების გარდაცვალება სწორედ ციხის "შიდა იერარქიას"(ე.წ. კანონიერ ქურდებს, მაყურებლებს) უკავშირდებოდა", - წერია დოკუმენტში.