ენერგეტიკა

საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად იქცა

PowerAfrica

საქართველოში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი მოთხოვნის ზრდას ვერ პასუხობს. გასული ხუთი წლის მანძილზე ელექტროენერგიის გამომუშავება 23%-ით, მოთხოვნა კი 27%-ით გაიზარდა. შედეგად კი 2012 წლიდან მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქვეყანას უფრო მეტი იმპორტული ელექტროენერგია შემოაქვს, ვიდრე ექსპოტზე გადის.

2009 წლიდან საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი ასე გამოიყურება: 

 

  • 2009 წელი იმპორტი 254 მლნ კვტ. ექსპორტი 749 მლნ კვტ.
  • 2010 წელი იმპორტი 222 მლნ კვტ. ექსპორტი 1524 მლნ კვტ.
  • 2011 წელი იმპორტი 470 მლნ კვტ. ექსპორტი 930 მლნ კვტ.
  • 2012 წელი იმპორტი 614 მლნ კვტ. ექსპორტი 528 მლნ კვტ.
  • 2013 წელი იმპორტი 484 მლნ კვტ. ექსპორტი 450 მლნ კვტ.
  • 2014 წელი იმპორტი 851 მლნ კვტ. ექსპორტი 603 მლნ კვტ.

ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული. შენელებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს, რის დასაკმაყოფილებლადაც საქართველოში ან ახალი ელექტროსადგურები უნდა აშენდეს ან დენის იმპორტი უნდა გაიზარდოს.

2010 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 10%-ზე მეტად გაიზარდა, ასევე 10%-ზე მეტად გაიზარდა მოთხოვნა 2011 წელსაც. 2012-2015 წლებში კი მოთხოვნის ზრდამ საშუალოდ 3% შეადგინა.

საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% ჰესებზე მოდის, 20%-ს კი თბოსადგურები იმპორტირებული საწვავის (ბუნებრივი აირის) წვის შედეგად იღებენ. მთლიან გამომუშავებაში ენგურჰესსა და ვარდნილის კასკადს 38% უჭირავს, დანარჩენი წილი კი სხვა ჰესებზე მოდის.

გასული 5 წლის მანძილზე ქვეყანას 8 მცირე და საშუალო ზომის ჰესი შეემატა, რომელთა მთლიანი გამომუშავება 0.7 ტერავატია. თუმცა მთავრობის მიერ კერძო კომპანიებთან გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით ძალაში შესული სადგურების სიმძლავრე 2.5-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. ამ სხვაობის მიზეზი ენერგეტიკის სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაა. 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ამ სექტორში $22 მილიონი ჩიდო, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ით ნაკლებია. 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლამდე განსაზღვრულია 22 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება, რომელთა მთლიანი დადგმული სიმძლავრეც 1.550  მეგავატია. 2020 წლამდე უნდა დაიწყოს 720 მეგავატიანი ხუდონჰესის მშენებლობაც, თუმცა პროექტის მშენებლობის დაწყება სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო რამდენჯერმე გადაიდო.

ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ისეთი მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ნენსკრის ჰიდროელექტროსადგური და ხუდონჰესი. ორივე პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $2 მილიარდს შეადგენს. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე თბოელექტროსადგურის მშენებლობაც, მათ შორის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, 150 მეგავატიანი თბოსადგური საწვავად საქართველოში მოპოვებულ ქვანახშირს გამოიყენებს.

კომენტარები