პატიმრების შეწყალება

უსუფაშვილი: ელისაშვილის განცხადებებზე დროებით კომისიას ვერ შევქმნით

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ თვლის, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. ის ასევე ფიქრობს, რომ ვერც ეკა ბესელიასა და ვერც მანანა კობახიძეს უფლებამოსილებები ვერ შეუჩერდებათ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა.

"ვერანაირი საგამოძიებო კომისია ამ კონკრეტულ საქმეში პროკურატურის საქმეს ვერ შეასრულებს. ძალიან რთული იქნება პარლამენტისთვის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ვინმე უნდობლობას უცხადებს სამართალდამცველ სისტემას, ჩაანაცვლოს სამართალდამცველი სისტემა და აკეთოს მათი საქმე. სახელმწიფო ორგანოებს უნდა მივცეთ საშუალება, გამოიძიონ ეს საქმე. არც ერთ ბესელიას, კობახიძეს თუ უსუფაშვილს არ ჩაუსვია არავინ სიაში და არ ამოუღია იმ სიიდან. ლევან მამალაძე გადმოდგა სადღაციდან და ამბობს, უსუფაშვილმა თუ ხიდაშელმა ამომიღო იმ სიიდანო, სამწუხაროდ, არ მოსულა ჩემამდე ეს თემა, თორემ, რა თქმა უნდა, ვიტყოდი, რომ ამოსაღებია. თუ ვინმე დაჟინებით ითხოვდა რამეს, ამის გამო პარლამენტიდან გავრიცხო, თანამდებობიდან გადავაყენო ან რამე ასეთი ჩავიდინო, რომც შემეძლოს, რა თქმა უნდა, ვერ ვიზამ", - თქვა უსუფაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. "ასევე მოვითხოვ, ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრობა შეუჩერდეს. ასევე შეუჩერდეს უფლებამოსილება მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. ასევე მოვითხოვ, ვიცესპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს მანანა კობახიძეს", - ამბობს ელისაშვილი. 

ელისაშვილი მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას უკვე ღიად ადანაშაულებს. მისი თქმით, დეპუტატები შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახდენდნენ და კონკრეტული პატიმრების შეწყალებას მოითხოვდნენ.

კომენტარები