ენერგეტიკა

რუსეთმა, ირანმა, საქართველომ და სომხეთმა ენერგეტიკული კავშირი დააფუძნეს

facebook.com/minenergygovge

2018 წლისთვის ირანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი ელექტროენერგიით ვაჭრობის ახალ სისტემაში იქნებიან გაერთიანებული, რომლის მეშვეობითაც წელიწადში დაახლოებით 1200 მეგავატი ელექტროენერგიის გაცვლას მოახდენენ. ახალი ენერგეტიკული გაერთიანების დაფუძნებას ხელი საქართველოს, სომხეთისა და ირანის ისლამური სახელმწიფოს ენერგეტიკის მინისტრებმა და რუსეთის გაერთიანებული ელექტროსისტემის თავმჯდომარემ მოაწერეს. შეთანხმების მემორანდუმი ერევანში გაფორმდა. 

მემორანდუმის მიხედვით, საქართველო-სომხეთ-ირანს დააკავშირებს ახალი 400-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები. საქართველოსა და რუსეთს შორის კი უკვე არსებობს 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი, ერთობლივად კი ახალი და ძველი გადამცემი ხაზები ახალ ერთიან სისტემას წარმოქმნიან. ერევანში გაფორმებული ხელშეკრულების მეშვეობით შეიქმნება ახალი სადისპეტჩერიზაციო სისტემა, რომელიც ერთობლივი ქსელის კოორდინაციას უზრუნველყოფს. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კახა კალაძის თქმით, საქართველომ საკუთარი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა სრულად უნდა გამოიყენოს. კალაძე ამბობს, რომ ახალი პარტნიორობის მეშვეობით საქართველოს ელექტროენერგიის გატანა არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ირანის მიმართულებითაც შეეძლება. 

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში საქართველოში ჭარბი ელექტროენერგიის დროს მოვახდინოთ მისი გატანა ირანის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ირანს საკმაოდ დიდი დეფიციტი აქვს. მოთხოვნა არის ძალიან დიდი ირანულ ბაზარზე და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, სომხეთის გავლით მოვახდინოთ ენერგიის გატანა მომავალში არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ირანის მიმართულებითაც. მემორანდუმის საშუალებით ასევე გვექნება საშუალება, რომ ზამთრის პერიოდში, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს დეფიციტი, გვექნება საშუალება ელექტროენერგია შემოვიტანოთ ირანიდან", - ამბობს კახა კალაძე. 

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის ერვანდ ზახარიანის თქმით, სომხური მხარე საქართველოს დამაკავშირებელი 400-კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობას 2016 წლიდან დაიწყებს. ზახარიანი ამბობს, რომ მემორანდუმის მეშვეობით შეიქმნება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და პირიქით, ახალი პარტნიორობის სივრცე. 

"2016 წლიდან ჩვენ საქართველოს მიმართულებით 400-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას დავიწყებთ, ეს საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ ენერგეტიკული კორიდორი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, ანუ რუსეთი, საქართველო, სომხეთი და ირანი. რა თქმა უნდა, ხაზი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაც იქნება მოქმედი. ჩვენ ამ ხაზების მეშვეობით დაახლოებით 1000-1200 მეგავატის მოცულობის ენერგიით ვივაჭრებთ. გაფორმებული მემორანდუმით კი ამ სამუშაოების სინქრონულ შესრულებას შევუწყობთ ხელს", - ამბობს სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ერვანდ ზახარიანი.

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ერვანდ ზახარიანი საქართველოში 2 ნოემბერს იმყოფებოდა, მაშინ მხარეები ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ შეთანხმდნენ. ზახარიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-ირანს შორის უკვე იყო დაწყებული 400-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების მშენებლობა, დეკემბერში კი გამოცხადდებოდა ტენდერი სომხეთ-საქართველოს შორის 400-კილოვოლტიანი ხაზების მშენებლობაზე. 

საქართველოს დღეისთვის ელექტროენერგია ექსპორტზე ძირითადად თურქეთის მიმართულებით გააქვს. ექსპორტი მაქსიმალური 2010 წელს იყო, როდესაც 1.5 მილიონი კილოვატი შეადგინა. 2012 წლიდან კი საქართველოს იმაზე უფრო ნაკლები მოცულობის ელექტროენერგია გააქვს ექსპორტზე, ვიდრე იმპორტით ყიდულობს. 

იმისთვის, რომ საქართველომ ექსპორტზე იმაზე მეტი ელექტროენერგია გაიტანოს, ვიდრე იმპორტით ყიდულობს, ქვეყანაში აუცილებელია ახალი სადგურების მშენებლობა. ახალი სადგურების მშენებლობის ტემპი კი მოთხოვნის ზრდას ვერ პასუხობს. 

გასული 5 წლის მანძილზე ქვეყანას 8 მცირე და საშუალო ზომის ჰესი შეემატა, რომელთა მთლიანი გამომუშავება 0.7 ტერავატია. თუმცა მთავრობის მიერ კერძო კომპანიებთან გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით, ძალაში შესული სადგურების სიმძლავრე 2.5-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები