საპოლიციო გამოსახლება

პრეზიდენტმა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას ხელი მოაწერა

facebook.com/Margvelashvili

საპოლიცო გამოსახლება გაუქმებულია, დღეიდან კერძო საკუთრების მფლობელებს იმისთვის, რომ მათ საკუთრებაში მცხოვრები პირების გამოსახლება მოითხოვონ სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდებათ. კანონს ბანკების ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ასევე ხელი მოაწერა საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკვშირებულ კანონთა პაკეტს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა, ცვლილებების მიხედვით, ხდება საპოლიციო წესით გამოსახლების ჩანაცვლება სასამართლო წესით."- ამბობს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ბანკების ასოციაცია კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ბანკებისთვის გაზრდილი რისკების გამო, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას ელოდება. 

"სერიოზული პრობლემები შეიქმნება იპოთეკურ ბაზარზე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ვინაიდან ეს ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული და სწორედ რისკების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. გარდა ამ პრობლემებისა, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. მტკიცებულების ტვირთი გადადის მესაკუთრეზე და ეს სერიოზული პრობლემაა, იმ დროს, როდესაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის მთავარი არის საკუთრების უფლება და მისი დაცვა", - ამბობს ზურაბ გვასალია.

კანონის ავტორი უმრავლესობის წევრი პაატა კიკნაველიძეა. კიკნაველიძის შეფასებით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობას ამაღლებს.

კომენტარები