გარემოს დაცვის სამინისტრო

აგულაშვილი: თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა მანქანაში ხელყუმბარები იპოვა

ტაბულა

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, 27 დეკემბერს, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან კაპანაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაში ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით აღმოაჩინა. აგულაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს, შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და უშუალოდ ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში". აგულაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი.

"ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ ავტომობილში აღმოაჩინეს ხელყუმბარა წარწერით – "გაფრთხილებთ, წადით!". მე მინდა, გავაფრთხილო თითოეული ეს ადამიანი, გინდა თანამშრომელი და გინდა - სხვა, რომ ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს წესრიგის, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე-ჭრის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკანონო ნადირობაზე ბრძოლაზე გაგრძელდება და მინდა, გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა იყოს დაცული", - განაცხადა აგულაშვილმა.

გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შს მინისტრი, ხოლო მთავარ პროკურორს დღეს შეატყობინებს.

"გუშინ ველაპარაკე შს მინისტრს. მან აღმითქვა სრული დახმარება. დღეს დავუკავშირდები საქართველოს მთავარ პროკურორსაც და ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დანაშაული გაიხსნება და დამნაშავეებს ვამხელთ", - განაცხადა აგულაშვილმა.

 

კომენტარები