საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა ნოემბერში 5.3%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკური ბიუროს (საქსტატი) მონაცემებით2015 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.3% შეადგინა, 11 თვის მონაცემებით კი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ერთის მხრივ 23%-ით შემცირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა, ასევე 11%-ით შემცირებული იმპორტის მაჩვენებელმა. დადებითი ფაქტორები კი იყო დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 10.1%-იანი ზრდა. სულ ამ საწარმოთა ბრუნვამ ნოემბერში 4.5 მილიარდი ლარი შეადგინა. 

6%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთი დადებითი ფაქტორია. 

გაზრდილია საბიუჯეტო ხარჯების რაოდენობაც და ნოემბრის თვეში ხარჯები 31 მილიონით აჭარბებს შემოსულობებს. გასული 11 თვის მანძილზე მთავრობის ხარჯები 7.21 მილიარდი ლარი იყო, მისმა შემოსავლებმა კი 7.27 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის მდგომარეობით მთავრობის შემოსავლები ხარჯებს 60 მილიონით აჭარბებს. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. თერთმეტი თვის წინასწარი მონაცემებით ეს მაჩვენებელი 3%-ია. ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის 2%-იანი ზრდის პროგნოზს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ მონაცემებს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.

კომენტარები