თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

კობახიძე: სწორად შევაფასოთ, ტაბულას ჟურნალისტების საქმიანობაში არ ჩარეულან

ტაბულა

ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დამნაშავეებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. თუმცა, კობახიძე არ თვლის, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა მოხდა, რადგან, მისი თქმით, ისინი იმ მომენტში "ჟურნალისტურ საქმიანობას არ ეწეოდნენ". აღსანიშნავია, რომ უცნობი პირები თავდასხმისას სწორედ ტაბულას ჟურნალისტების საქმიანობას ახსენებდნენ და მათ ემუქრებოდნენ. კობახიძე მიიჩნევს, რომ ფაქტი სწორად უნდა შეფასდეს.

"ძალადობა არის დანაშაული, ვის მიმართაც არ უნდა იყოს. ხულიგნობა, ცემა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არის დანაშაული. ვიცი, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო და ის პირები, ვინც ეს ჩაიდინა, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოს წინაშე უნდა წარსდგნენ და კანონის წინაშე პასუხი აგონ. ვინც არ უნდა იყოს და ვის მიმართაც არ უნდა იყოს ჩადენილი. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, ჟურნალისტები რამდენად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ. მე ვთვლი, რომ ეს არ იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა იმიტომ, რომ გაჟღერდა, თითქოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და ხელშეშლა მოხდა. ასეთი შეფასება, მგონი, სწორი არ იქნება. თავისთავად ფაქტი ძალიან ცუდია და გამოძიება, რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს, დასრულდეს და შედეგი დადგეს, მაგრამ უნდა მოხდეს სწორი შეფასება და სწორი კვალიფიკაცია ამ ფაქტის", - ამბობს კობახიძე.

ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში თავს გუშინ დაესხნენ. რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო. ტაბულა დღესაც დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვიპასუხეს, რომ სიახლე არაფერია და გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები