თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ტაბულა: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს დანაშაული

ტაბულა

ტაბულა გმობს მის საინფორმაციოს უფროსზე, ტელეწამყვანებსა და თანმხლებ პირზე ძალადობას, პროფესიული საქმიანობის გამო. ჩვენს თანამშრომლებსა და თანმხლებ პირს მოძალადეები დაემუქრნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სწორედ იმიტომ, რომ ისინი, თითქოსდა, „ყოველდღე აგინებენ ეკლესიას“ და „დააჭერინეს ბიჭები“ (იგულისხმება, 2010 წელს, ილიაუნის წინ, მართლმადიდებელი ექსტრემისტების მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევის საქმე, რომელზეც ლევან სუთიძე და ირაკლი კიკნაველიძე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ). აგრესიის განხორციელების მოტივი, სწორედ ტელეკომპანია ტაბულას მიერ, დომინანტი რელიგიური ჯგუფის კრიტიკისთვის დათმობილი ეთერი და სეკულარული, პროფესიული ეთიკის სტანდარტების განუხრელი დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ წარსულში დაკავებული რელიგიური ექსტრემისტები, რომლებიც მოძალადეებმა ახსენეს, კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ.

მიგვაჩნია, რომ რელიგიური თუ სხვა ნიშნით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა ახალისებს აგრესიას და სამიზნედ აქცევს განსხვავებული აზრისა თუ იდენტობის მქონე მოქალაქეებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს დანაშაული და მისცეს მოძალადეები ადეკვატურ პასუხისგებაში.

კომენტარები