"დაიცავი თავისუფლება" გაზპრომის საკითხზე სასაუბროდ პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. პლატფორმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და გაზპრომთან მოლაპარაკებებზე სასაუბროდ მასთან შეხვედრას ითხოვს.

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" მიმართვას ავრცელებს:

"ბატონო გიორგი,

მოგმართავთ პლატფორმა “დაიცავი თავისუფლებას" სახელით და გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლებასა და გაზპრომს შორის წარმოებული გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი მოლაპარაკებების გამო.

რამდენიმე თვეა, ხელისუფლებისგან ვითხოვთ დამაჯერებელ პასუხებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო პუტინის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტთან, გაზპრომთან საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება.

სამწუხაროდ, ნაცვლად არგუმენტებისა, ხელისუფლებისგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და არასერიოზულ ბრალდებებს ვისმენთ, რაც ისედაც საეჭვო წამოწყებას კიდევ უფრო საეჭვოს ხდის.

მოგმართავთ თხოვნით, გაიმართოს შეხვედრა თქვენსა და პლატფორმაში შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რათა კიდევ ერთხელ ვცადოთ საზოგადოებაში დაგროვილ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების მიღება. კერძოდ, გვაინტერესებს:

1. რა არის გაზპრომთან მოლაპარაკებების საგანი;
2. ერთ-ერთი ვერსიით, გაზპრომთან მოლაპარაკებები საქართველოში შექმნილი გაზის მოხმარების დეფიციტის შესავსებად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები:
ა) რატომ დაიწყო მოლაპარაკებები 2015-2016 წლის ზამთარში შექმნილი დეფიციტის შესახებ ბოლო მომენტში და რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნული დეფიციტის პროგნოზირება და საქართველოს ინტერესების შესაბამისად აღმოფხვრა?
ბ) რატომ განიხილება გაზპრომი დეფიციტის აღმოფხვრის გზად, თუ აზერბაიჯანი, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილური პარტნიორია, ღიად აცხადებს დეფიციტის შევსების შესაძლებლობის შესახებ.
3. ერთ-ერთი ვერსიით, მოლაპარაკებები წარმოებს სომხეთში გაზის ტრანზიტის პირობების შეცვლის შესახებაც. როგორც ცნობილია, საუბარია ტრანზიტის ღირებულების გაზით ანაზღაურების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებაზე, რაც საქართველოსთვის წამგებიანია. რატომ განვიხილავთ ჩვენთვის ცალსახად წამგებიან წინადადებას?

იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პასუხისმგებლობით მიუდგებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გამონახავთ დროს ზემოაღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ.

პატივისცემით,

ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია
თამარ ჩერგოლეიშვილი, სამოქალაქო განათლების ფონდი
სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი
გიორგი ტუღუში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ეკა ჭითანავა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
თამარ გურჩიანი, იურისტი
გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი
ბესო ნამჩავაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ნინო დანელია, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი
ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
თორნიკე თურმანიძე, თსუ ასოცირებული პროფესორი
ვახო ბაბუნაშვილი, Altervision Group
აჩიკო გულედანი, Altervision Group
გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი
ბაია პატარაია, საფარი
გიორგი ბადრიძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდი", - წერია მიმართვაში.

კომენტარები