ხე-მცენარეები

აჭარის მთავრობა: სამი ხე-მცენარე დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად გავყიდეთ

0 კომენტარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განმარტებით, შპს ზიმოს სამი მრავალწლოვანი ხე-მცენარე დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად მიყიდეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 31 დეკემბრის N431 ბრძანებით, შპს ზიმოს ერთი ტიტას ხე და ორი ჭაობის კიპარისი 6200 ლარად გადაეცა. 

"აღნიშნული ხე-მცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. პროექტი მოიცავს ოზურგეთის მუნიციპლიტეტში, წვერმაღალას და შეკვეთილის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობას, რისთვისაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხდება ხე-მცენარეების გადარგვა. პარკი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და გაჩნდება კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე.

მნიშვნელოვანია, რომ ხეების გადარგვის შემდგომ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა შიდა სასოფლო გზები და გარე განათება, რომლითაც ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება 2016 წლის იანვრის პირველ რიცხვებში დიდთოვლობის გამო ბათუმის ბულვარში დაზიანებული ხეების ჩანაცვლება მრავალწლოვანი ხე-მცენარეებით", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აღნიშნავს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მიმდინარე სამუშაოების შესრულების კანონიერებას აკონტროლებენ.

"ყველა გადაცდომაზე ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. შპს ზიმო მისასვლელ გზასთან ხის მოჭრის გამო გარემოს დაცვის დეპარტამენტმა უკვე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის 1 ნაწილით", - განმარტავს აჭარის მთავრობა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით კი, 40-მდე გიგანტური ხე უნდა ამოითხაროს და გემით ურეკში, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გაიგზავნოს. ტელეკომპანიის ცნობით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე უნიკალური მრავალწლოვანი ხე პირადად მონიშნა. გემის მისადგომისა და ტყეში გზის გაჭრის სამუშაო უკვე დაიწყო, რათა საგანგებო ბარჟა ნაპირთან მივიდეს და მასზე 450-ტონიანი ხე პლატფორმით შევიდეს. 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის განმარტებით, აჭარაში, სოფელ ციხისძირიდან გიგანტური ხეების გადანერგვა გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და მრავალწლიანი ხეების გადარჩენას ისახავს მიზნად.

"რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საქმე მრავალწლიანი ხეების გადარგვას ეხება, რაც უნიკალური პროექტია. ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია და მსგავსი რამ ამერიკაშიც მოხდა. საქმეში დეტალურად ჩავიხედავ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი გარემოს დაცვითი კუთხით არის გადადგმული, რათა მრავალწლიანი ხეები არ დაიღუპოს", - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ხეების გადანერგვისთვის საჭირო თანხები ქართუ ჯგუფმა გამოყო. ამასთან, მისთვის უცნობია, გადაიტანენ თუ არა ხეებს ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროპული საქართველო პრეზიდენტის არჩევასა და საარჩევნო სისტემაზე პლებისციტს ითხოვს

კომენტარები