Gazprom-თან მოლაპარაკებები

გაზპრომის შესახებ კალაძის "არგუმენტებს" გიგა ბედინეიშვილი პასუხობს

0 კომენტარი
გიგა ბედინეიშვილი ფოტო: businesscontact.ge/

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებას" სახელით, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს გაზპრომის საკითხზე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი პასუხობს.

 

1. კალაძე ადასტურებს, რომ გაზპრომის პირველივე კონტაქტმა მასთან ხელშეკრულების განახლების შესახებ გაამჟღავნა გაზპრომის განზრახვა, მიეღწია ახალი პირობისთვის - ტრანზიტისთვის ფულის, და არა გაზის გადახდისთვის;

მოგვიანებით ინტერვიუში ის ამას უარყოფს და ამბობს, რომ პირველ შეხვედრაზე გაზპრომმა გამოთქვა სურვილი, გაეზარდა სომხეთში ტრანზიტის მოცულობები. როდის ამბობს მართალს კალაძე? მაშინ, როცა ამბობს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაზპრომის მიერ ფულად ანაზღაურებაზე საკითხის დაყენება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, თუ როცა ამბობს, რომ გაზპრომმა თავიდანვე "უმაღლეს დონეზე" მოითხოვა შეხვედრა, რომ ტრანზიტის მონეტიზაცია ყოფილიყო განხილული. დიდი მიხვედრილობის გარეშეც აშკარაა, რომ გაზპრომისთვის ტრანზიტის მონეტიზაცია რომ იყო მიზანი, ეს მან თავიდანვე იცოდა და დაგვიმალა.

2. კალაძე ხშირად ამბობს, რომ გაზის მოხმარება 2015 წელს მკვეთრად (19%-ით) გაიზარდა. ამავე დროს ის ამბობს, რომ ახალი თბოსადგური უფრო ენერგო ეფექტურია, ვიდრე ძველი, რომელიც დაიხურა;

ამას გაზის მოხმარების ზრდის კი არა, შემცირების ეფექტი უნდა ჰქონოდა. კიდევ ერთი შეუსაბამობა!

3. ერთ-ერთ ადრეულ კომენტარში კალაძემ თქვა, რომ ჩვენი მიზანია დივერსიფიკაცია და რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ აზერბაიჯანზე დამოკიდებული გაზის მიწოდების მხრივ. გუშინ მან თქვა, რომ დივერსიფიკაცია არ ნიშნავს ჩანაცვლებას;

დივერსიფიკაცია ნიშნავს რისკის და უკუგების ოპტიმიზაციას რესურსის განაწილებით. გაზის შესყიდვის კონტექსტში ეს არ შეიძლება, რაიმე სხვას ნიშნავდეს, თუ არა გაზის მეორე წყაროთი პირველის ნაწილობრივ ჩანაცვლებას.

4. კალაძე საუბრობს ინტენსიურ გაზიფიკაციაზე ქვეყანაში და გაზის მოხმარების მკვეთრ ზრდაზე;

2.5%-იან ეკონომიკური ზრდის პირობებში გაზის მოხმარების მკვეთრი ზრდა ნიშნავს ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერაციის მკვეთრ შემცირებას.

გაზიფიკაციას დადებითი მხარეებიც აქვს, მაგრამ ის ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას გაზზე, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და მისი სიჭარბე მხოლოდ შაჰ-დენიზ 2-ის გაშვების შემდეგ დადგება. ამ დროს, ჩვენ მნიშვნელოვანი ჰიდრო რესურსი გვაქვს. სწორედ ჰიდროენერგეტიკაში უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია დღევანდელი დეფიციტი (ისევ და ისევ, თუ ეს დეფიციტი მართლაც არსებობს). სინამდვილეში დეფიციტზე ლაპარაკი უაზრობაა. გაზის მოკლევადიანი მოთხოვნის ზრდა, უბრალოდ, გამოიწვევს "კომერციული" გაზის გაძვირებას. შესაბამისად, მაგალითად, მძღოლები, რომლებიც ბოლო დროს გაზზე ამუშავებდნენ თავიანთ მანქანებს, დაუბრუნდებიან (გაიაფებულ) ბენზინს. ამისთვის მათ ერთი "ტუმბლერი" უნდა გადართონ მხოლოდ.

5. კალაძე ისევ იმეორებს, რომ კაზახის მილით სოკარს მაქსიმუმ 6 მილიონი კუბური მეტრის მოწოდება შეუძლია დღეში;

სოკარმა განაცხადა, რომ შეუძლია, ეს მოცულობა 7 მილიონამდე გაზარდოს. ამას გარდა, როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია შაჰ-დენიზის მილიდან დამატებითი მოცულობების აღება. როგორც ჩანს, ენერგეტიკის სამინისტროს ეს რესურსი საკმარისად არ გამოუკვლევია.

ასევე, ირონიულია, რომ პიკურ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გაზპრომს მაშინ ველაპარაკებით, როცა ზამთრის ნახევარი გავიდა. მოთხოვნის პიკიც უკვე გადავლილი უნდა იყოს.

6. კალაძე ამბობს, რომ გაზპრომი იმუქრება, რომ სომხეთს ირანიდან მოამარაგებს;

ეს იმდენად პრიმიტიული ბლეფია, რომ ამის დაჯერება კალაძისგანაც კი მიკვირს. გაზპრომს დღეს წელიწადში 2 მილიარდი კუბის სომხეთისთვის მიწოდება 200 მილიონი კუბი უფასო გაზის ჩვენთვის მოცემად და ამ გაზის თვითღირებულებად უჯდება. ტრანზიტის ხარჯი დაახლოებით $20 მილიონია (200 მილიონი კუბი x $100/ათას კუბის თვითღირებულება). სომხეთის მიერ მოხმარებული გაზის თვითღირებულება $200 მილიონია. გაზპრომის შემოსავლები $320 მილიონია. გაზპრომის მოგება ($320მლნ-200მლნ-20მლნ)=$100მლნ. კალაძეს სჯერა, რომ გაზპრომი მზადაა, დაკარგოს ეს მოგება იმის ნაცვლად, რომ ირანს გაზი გამოართვას (ირანული გაზი $200/ათას კუბზე უფრო იაფი ვერაფრით იქნება - ირანი თურქეთს $400/ათას კუბზე ყიდის) და სომხეთს $160 დოლარად მიჰყიდოს, ანუ $80 მილიონი წააგოს $100 მლნ მოგების ნაცვლად და ამისთვის კიდევ დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს?

7. კალაძეს გაზსაცავის მშენებლობა მიაჩნია გამოსავლად გრძელ ვადაში;

გაზსაცავის მშენებლობა არასწორია. 2018 წლიდან, როცა შაჰ-დენიზ 2 დაიწყებს წარმოებას, ამ მილიდან მარტო ტრანზიტისათვის დღიურად 2 მილიონი კუბური მეტრი გვეკუთვნის. კაზახის მილიდან 7 მილიონთან, შაჰ-დენიზ 1-ის ტრანზიტიდან მიღებულ 1.25 მილიონთან, სომხეთში ტრანზიტიდან მიღებულ 0.55-თან ერთად პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებაც შეგვეძლება. ამას გარდა, ყოველთვის შეგვეძლება შაჰ-დენიზ 1-დან დამატებითი მოცულობები შევისყიდოთ. იმის მაგივრად, რომ $300 მილიონი გაზსადენში დახარჯოს არაეფექტურმა სახელმწიფომ, გაცილებით უფრო ჭკვიანურია სწორი, არაპოპულისტური სატარიფო პოლიტიკით ხელი შევუწყოთ ჰიდროგენერაციას, რაც გაზის მოხმარების ზედმეტად სწრაფ ზრდას აგვარიდებს.

8. კალაძე: გაზსადენის მიყიდვა გაზპრომისთვის "ქვეყნის მოღალატე, ერთ-ერთი უნივერსიტეტის დეკანს შესაძლებლად მიაჩნია. ის ნაციონალურ მოძრაობასთანაა ასოცირებული";

კალაძის განცხადების პოლიტიკურ ელფერზე არაფერს ვიტყვი. მე დღემდე ვერ მოვისმინე გამართული არგუმენტი, რა რისკებს შეიცავს გაზსადენის გაყიდვა. "ამერიკელებს არ უნდათ" არაა საკმარისი.

გაზსადენი ფიზიკურად საქართველოში რჩება და მის მფლობელზე ამ აქტივის ფარგლებში ქართული კანონები იმოქმედებს. თელასი და GW&P (თბილისის წყალი) ასევე რუსებისაა, მაგრამ ვერაფერს აშავებენ, ვერც VTB.

არ არსებობს მაგალითი იმის, თუ როგორ დააზიანა რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა სხვა ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციებმა. მეორე მხრივ, უამრავი მაგალითი გვაქვს პოლიტიკური მიზნებით გაზპრომის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის და სხვა ქვეყნებისთვის ვნების მიყენების.

რუსულ პირდაპირ ინვესტიციებს ეკონომიკაში ზიანი არ მოაქვს. რუსულ პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოს მთავრობაში - აი, რამ შეიძლება, მოგვიტანოს ზიანი.

9. რას უნდა ველოდოთ კალაძის შეხვედრისგან გაზპრომთან ამ კვირაში ვენაში.

კარგი შედეგი იქნებოდა ტრანზიტის ხელშეკრულების პირობების უცვლელად დატოვება და გაზპრომის ბლეფის გამოაშკარავება, მაგრამ მე ამას არ ველოდები. ალბათ, კალაძე ტრანზიტის მონეტიზაციის საკითხსაც დათმობს და გაზპრომისგან დამატებით წლიურ 250-300 მილიონ კუბურ მეტრ გაზსაც ხელში შემოგვაჩრის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები