საქართველოს ეროვნული ნაკრები

კობიაშვილი: მოვიწვევ აღმასკომს, რომ კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელი აღარ იყოს

0 კომენტარი
ლევან კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აბსურდულს უწოდებს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ბრალდებას, რომ ფედერაციაში გადაწყვეტილებებს გარეშე პირები იღებენ. კობიაშვილის თქმით, აღმასკომს მოიწვევს, რომ ცხადაძე პოსტიდან გაათავისუფლონ. სფფ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მან ცხადაძეს კონტრაქტის ახალი პირობები შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელი ფიქსირებულად ხელფასის 50%-ს მიიღებდა, ხოლო დარჩენილ თანხას ნაკრების წარმატების შემთხვევაში ბონუსური სისტემით აიღებდა. ლევან კობიაშვილის მტკიცებით, კახა ცხადაძემ მასთან ამის შემდეგ კონტაქტი შეწყვიტა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მისი განმარტებით, ფეხბურთის ფედერაცია კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში წლიურად იხდის დაახლოებით მილიონნახევარ ლარს.

"რაც კახა ცხადაძემ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის [ფეხბურთის დეფერაციის პრეზიდენტის არჩევნების] შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება. ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს ის პოზიცია და პოსტი, ჩემთვის დღეს ეს თემა ამოწურულია. უბრალოდ, მე დავიცავ ყველანაირ იურიდიულ ფორმას, მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს, სადაც შევლ ინიციატივით, რომ კახა ცხადაძე აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი" - თქვა კობიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 21 იანვარს განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მისი შეცვლა სურს. ცხადაძის თქმით, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ სამინისტრო მისთვის ხელფასის გადახდას არ აპირებდა.

მთავარ მწვრთნელს რამდენიმე საათში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უპასუხა. ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, სამინისტროს არ აქვს რესურსი, მწვრთნელს "ასობით ათასი ლარი უხადოს". მისი განცხადებით, თუ ფედერაცია ამისთვის მზად არის, თავად მოიძიოს თანხა. ხეჩიკაშვილის მტკიცებით, "აქ კახაზე არ არის საუბარი" და მას სისტემის შეცვლა სურს.

" მთავარი მწვრთნელის დანიშვნა და მწვრთნელთა დაკომპლექტება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და აღმასრულებელი კომიტეტის პრეროგატივაა. როცა მინისტრად დავინიშნე, ფეხბურთის ფედერაციამ მოგვმართა, რომ მთავარი მწვრთნელი დაფინასებულიყო 120 000 ლარის ოდენობით. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, რადგან ნაკრებს არ ჰქონია შესაბამისი შედეგი. ფედერაციას თუ უნდა ამ მწვრთნელთან თანამშრომლობა, თავად გამონახოს სახსრები. მე სამინისტროს პოზიცია გავაჟღერე და კახა ცხადაძის, როგორც პიროვნების წინააღმდეგ არ წავსულვარ. აუცილებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სიცხადე შეიტანოს კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით... აქ არ არის კახაზე საუბარი, სამინისტროს პოზიცია მე გავაჟღერე თავის დროზე, როცა სიჭინავა იყო პრეზიდენტი, მაშინ რა გამოდის, მე სიჭინავას კი არ ვებრძოდი ან ცხადაძეს? ჩემთვის არის მთავარი, რომ სისტემა შეიცვალოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ასობით ათასი შეგვიძლია, ვუხადოთ სხვადასხვა ტიპის არამარტო მწვრთნელებს, მე მგონია, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ და თუ ფედერაციას მიაჩნია და აქვს ამის რესურსი, მოიძიოს და გადაუხადოს" - თქვა მინისტრმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები