არმენოფობია

დიასპორის სამინისტრო: ვწუხვართ, რომ ვიდეო ვართანიანების განმარტებამდე დავდეთ

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 22 იანვარს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა ვიდეო, რომელიც არასწორი სათაურით არმენოფობიურ განწყობას აჩენდა. 

"სომხური საქორწინო ცეკვა, გევორქიანის ცეკვის აკადემია, აშშ - ასეა დასათაურებული ვიდეო, რომელშიც აკადემიის სოლისტები ვართან და სირანუშ გევორქიანები ქართულ დაისს ასრულებენ, ვიდეო YouTube-ზე 2014 წელს არის ატვირთული", - დაწერა სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ხოლო მოგვიანებით, ანსამბლის ხელმძღვანელის ვართან გევორქიანის განმარტების შემდეგ, ვიდეო ოფიციალური გვერდიდან წაშალა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით, ვიდეო Facebook-ზე "ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის - ქართულ დიასპორაში არსებული დიდი ვნებათაღელვის" გამო გაიზიარეს. სამინისტრო წუხილს გამოთქვამს, რომ "ვიდეო ბატონი გევორქიანის განმარტებამდე იქნა დადებული".

"სრულიად ვიზიარებთ ბატონი გევორქიანის სულისკვეთებას ყოველი ერის კულტურული თვითმყოფადობის დაცვის თაობაზე", - წერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ცნობისთვის, Gevorkian Dance Academy-ს დირექტორმა ვართან გევორქიანმა განმარტა, რომ ვიდეოს ამმტვირთავთან მის აკადემიას არანაირი ფაქტობრივი ან იურიდიული კავშირები არ აქვს. მისივე განმარტებით, "ექაუნთის" ავტორს არ ჰქონდა ოფიციალური ან სიტყვიერი ნებართვა, აეტვირთა გევორქიანის ცეკვის აკადემიის მასალები.

"ჩვენ ოფიციალურად მოვთხოვეთ "MENQ meroncov" YouTube-ის ექაუნტს, რათა გაასწორონ შეცდომა და ამოიღონ ვიდეო ქსელიდან. ასეთივე მოთხოვნა ჩვენ გავუგზავნეთ YouTube-ის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს. 1987 წელს, სომხეთში, ქ. ერევანში ჩამოყალიბდა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლი "დრუჟბა" (მეგობრობა). მრავალი ქორეოგრაფი სხვა ქვეყნიდან იქნა მოწვეული. ქორეოგრაფთა შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი, რომელმაც ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის "დაისის" მასტერკლასი ჩაატარა. 2000 წელს, აკადემიის ყოველწლიური კონცერტის დროს, მე ცოლთან ერთად გადავწყვიტე, აუდიტორიისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და შევასრულეთ ეს კონკრეტული ცეკვა, რომლის ვიდეო აიტვირთა ჩვენს YouTube-ის და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე. მე მესმის თქვენი იმედგაცრუების და მინდა გულწრფელი ბოდიში მოვიხადო მესამე მხარისთვის მათი შეცდომის გამო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს გაკეთდა ჩვენი თანხმობის და ინფორმირების გარეშე. Gevorkian Dance Academy არის ცეკვების საერთაშორისო სკოლა. ჩვენ ვასრულებთ სომხურ, ამერიკულ, რუსულ, მოლდოვურ, ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, ციგნურ და სხვა მრავალ ცეკვებს. არ მიმაჩნია, რომ ეს სხვა კულტურების ცეკვების მოპარვას ნიშნავს. ჩვენი გამოსვლების ბანერებზე/აფიშებზე აღნიშნულია თითოეული ცეკვის წარმომავლობა. ჩვენ არასდროს გვქონდა სურვილი ან განზრახვა, მოგვეპარა ქართული კულტურის ან რომელიმე სხვა კულტურის ნაწილი და მათი წარმოჩენა სომხური კულტურის ნაწილად", - ნათქვამია გევორქიანის წერილში, რომელსაც საქართველოში მშვიდობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტუმასიანი ავრცელებს.

კომენტარები