NATO-ს 2015 წლის ანგარიში

სტოლტენბერგი: NATO განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერას

0 კომენტარი
იენს სტოლტენბერგი ფოტო: NATO

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2015 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა 2015 წელს კვლავ განაგრძო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიების ოკუპაცია და ამავდროულად დაიწყო სამხედრო ოპერაცია სირიაში ამერიკის მიერ შექმნილი მსოფლიო კოალიციისგან დამოუკიდებლად. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სირიაში რუსეთი არა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, არამედ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ეხმარება.

ანგარიშში წერია, რომ რუსეთმა ბოლო წლებში NATO-ს საზღვრებთან ახლოს სამხედრო ქმედებებს მოუხშირა. საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოსა და 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიაზე. "რუსეთის ეს ნაბიჯები აშკარად უპირისპირდება მთელი ევროპის ხედვას თავისუფლებისა და მშვიდობის პრინციპებზე, რომელზეც მთელი ევროპა ჰელსინკის ფინალური აქტის შემდეგ შეთანხმდა. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია მოახდინა", - წერია დოკუმენტში.

სტოლტენბერგის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს NATO ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერდა თავის პარტნიორ ქვეყნებს აღმოსავლეთში. ძირითადი ყურადღება ეთმობოდა უკრაინას, თუმცა, შესაძლო თანამშრომლობაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა საქართველოში, მოლდოვაში, ერაყსა და იორდანიაში.

2015 წელს მონტენეგროს NATO-ში მოწვევის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს ღიად უჭერდა საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მაკედონიის NATO-ს წევრობისაკენ მიმართულ მისწრაფებებს. "მათ მოვუწოდებთ, განაგრძონ რეფორმები NATO-ს წევრობისათვის მოსამზადებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ", - აღნიშნულია სტოლტენბერგის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, NATO-ს პარტნიორობის ფუნქციონალური თავსებადობის ინიციატივამ შეიმუშავა რამდენიმე ინოვაცია, მათ შორის ის, რომ კონკრეტულ პარტნიორებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუბარია საქართველოს, ავსტრალიის, ფინეთის, იორდანიისა და შვედეთის შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები