2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

რუსეთმა შესაძლოა, ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობას გადახედოს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარია ზახაროვას თქმით, რუსეთმა შესაძლოა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ურთიერთობას გადახედოს.

"ჰააგის სასამართლოს პროკურორი ადანაშაულებს ოსებს და, მეტიც, რუს სამხედროებს, ამით ის აგრესორის მხარეზე მოქმედებს, რასაც ადასტურებს ის, რომ მან მსხვერპლზე თავდასხმის შესახებ დაიწყო გამოძიება. რთულია ვთქვათ, რომ ასეთი ქმედებები მართლმსაჯულების იდეალებს პასუხობს. რუსეთი იმედგაცრუებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მხარს უჭერს ქალბატონი ბენსუდას პოზიციას. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ჩვენ მუდმივად ვუჭერდით მათ მხარს და ვთანამშრომლობდით ამ სტრუქტურასთან. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ეს სტრუქტურა გახდებოდა სამართლიანობის აღდგენის და საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობის გარანტი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მათი უკანასკნელი გადაწყვეტილების ფონზე, რუსეთი იძულებული ხდება, დღის წესრიგში დააყენოს ურთიერთობის გადახედვის საკითხი", - აღნიშნა ზახაროვამ.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

მოსამართლეთა პალატამ, პროკურორის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, მიიჩნია, რომ გამოძიების გასაგრძელებლად გონივრული საფუძველი არსებობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პანჩო

კომენტარები