ეკონომიკური თავისუფლება

Heritage Foundation: საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება გაუარესდა

Heritage Foundation

Heritage Foundation-ის 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 23-ე ადგილი უჭირავს, წინა წელს კი 22-ე ადგილი ეკავა. პოზიციის გაუარესება ბიზნესის თავისუფლების, შრომის თავისუფლებისა და მონეტარული თავისუფლების მიმართულებით გაუარესებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პოზიციის გაუარესება მთავრობის საქმიანობას უკავშირდება, რომელიც ახალი რეგულაციების შემოღებისკენ არის მიმართული.

Heritage Foundation-ის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2014 წლის ბოლოს დაწყებულმა სავალუტო კრიზისმა ქვეყანაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, მათ შორის, მოხდა დამოუკიდებელ ეროვნულ ბანკზე გარკვეული მხარეების მხრიდან ზეწოლა, რათა მას სავალუტო რეზერვები დაეხარჯა, რაც უარყოფითად არის შეფასებული. საქართველოს ყველაზე ცუდი პოზიცია - 69-ე ადგილი - კერძო საკუთრების დაცულობაში აქვს, ასევე დაბალია შეფასება კორუფციისგან თავისუფლების კრიტერიუმშიც - 51-ე ადგილი. ყველაზე მაღალი ქულა კი ვაჭრობის თავისუფლების კრიტერიუმში აქვს მინიჭებული და მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. 

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, სადაც კაპიტალისა და პროდუქციის შეტანისთვის საკმაოდ დაბალი გადასახადებია. დადებითად არის შეფასებული ქვეყნის სტაბილური საბანკო სექტორი და დიდ ბიზნესში სახელმწიფო საწარმოების შედარებით დაბალი მონაწილეობა. Heritage Foundation-ის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის პრობლემად რჩება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა.

ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. ჰონგკონგი
  2. სინგაპური
  3. ახალი ზელანდია
  4. შვეიცარია
  5. ავსტრალია

2016 წლის ინდექსით ყველაზე დახურული ეკონომიკების ხუთეული კი ასეთია:

  1. ჩრდილოეთ კორეა
  2. კუბა
  3. ვენესუელა
  4. ზიმბაბვე
  5. თურქმენეთი

კვლევა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავს.

კომენტარები