რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

კომიტეტი “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის” სასჯელის დაწესებაზე მსჯელობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმად, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი ქმედება ხდება. კანონპროექტის მიხედვით, "რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ხოლო რელიგიური შენობის და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია".

განმარტებითი ბარათის თანახმად, "რამდენიმე წელია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ. გაურკვეველი ჯგუფები და პიროვნებები მიზანმიმართულად ახორციელებენ რელიგიური სიწმინდეების, ნაგებობების და სიმბოლოების შეურაცხყოფას. სოციალურ ქსელში შექმნილია რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა, მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი წინამძღოლისა და იერარქების შეურაცხყოფა. 2012 წლის 9 სექტემბერს გაურკვეველმა პირებმა ქაშუეთის ეკლესიის გალავანზე დახატეს წმინდა ნინოს კარიკატურა წარწერით: Pussy Riot".

კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი.

კომენტარები