ენერგეტიკა

Frontera: საქართველოში სავარაუდოდ 5 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია

theenergycollective.com
ამერიკული ენერგოკომპანია Frontera-ს ინფორმაციით, სამხრეთ კახეთის რეგიონში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები შესაძლოა 5.3 ტრილიონ კუბურ მეტს შეადგენდეს. Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა Atlantic Council-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში, გაცილებით უფრო დიდი მოცულობის ფიქლის ნავთობისა და გაზის მარაგებია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში Frontera-ს განცხადებებს სკეპტიციზმით უყურებენ.
 
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, Frontera-სგან უკვე მესამე წელია ისმის განცხადებები, რომ მათ საქართველოში დიდი მოცულობის საბადოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი საბუთი წარდგენილი არ არის. 
 
"განცხადებები მარაგების არსებობაზე მესამე წელია ვრცელდება. რამდენად რეალურია ეს მარაგები, ეს ცალკე შესწავლის საგანს მიეკუთვნება. მე ვიტყვი, რომ Atlantic Council არის საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული ორგანიზაცია, რომელიც ენერგეტიკულ საკითხებზე მუშაობს. ბატონი ნიკანდროსი არის Atlantic Council-ის ბორდის წევრი და, შესაბამისად, ძალიან კარგი პლატფორმა აქვს ასეთი ტიპის განცხადებებისთვის. თუმცა, მე მინდა ვთქვა, რომ მოლოდინი იმისა, რომ საქართველო უახლოეს ხანში გახდება ექსპორტიორი, ჩვენ არ გვაქვს, ეს მასალები ჩვენთან წარმოდგენილი არ არის. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო პროგრამა, რასაც Frontera, როგორც ლიცენზიანტი, ყოველწლიურად წარმოადგენს, ნამდვილად არ ასახავს იმ გეგმებს - 3, 5 და კიდევ უფრო მეტ ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვებას", - ამბობს მარიამ ვალიშვილი. 
 
Frontera-ს მონაცემები შესაძლოა რეალობას არ შეესაბამებოდეს, რადგანაც ენერგოკომპანიები ხშირად კაპიტალის მოსაზიდად მათ ხელთ არსებულ მარაგებს მეტობით აშუქებენ. Frontera-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კახეთის მარაგების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით გაიზარდა.
 
Frontera-ს ინფორმაციით, მათ საკუთარი გათვლები გაზის სავარაუდო მარაგებთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ენერგოაუდიტორულ კომპანია Sewell & Associates-ს გადაუგზავნა გადამოწმებისთვის. თუმცა ენერგოაუდტის დასკვნა ჯერჯერობით უცნობია. თუკი Frontera-ს გათვლები მართალია, მაშინ საქართველოს ადგილობრივი 2.5-მილიარდიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება ათწლეულების მანძილზე შეეძლება და, ამავდროულად, ბუნებრივ აირს ექსპორტზეც გაიტანს.
 
Frontera საგარეჯოს რაიონში ბუნებრივ აირს უკვე მოიპოვებს. 2014 წლის ზაფხულიდან მწარე ხევის საბადოზე მოპოვებული ქართული ბუნებრივი აირი მოსახლეობას მიეწოდება, თუმცა მისი მოცულობა მცირეა. Frontera-ს მტკიცებით კი, მხოლოდ ამ საბადოს მოცულობა 42 მილიარდი მეტრ კუბია. ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, რომ არანაირი გარემოება, რაც საქართველოში ამ მოცულობის გაზის მარაგის არსებობას დაადასტურებდა, არ არსებობს. Frontera საქართველოში 1997 წლიდან აწარმოებს კვლევით სამუშაოებს.
 

კომენტარები