სირია

რუსეთი: თურქეთი სირიაში შესაჭრელად ემზადება

Reuters

რუსეთი თურქეთს სირიაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყების სამზადისში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიაში შესაჭრელად მალულად ემზადებიან.

თურქეთმა თავის მხრივ ბრალი დასდო მოსკოვს საკუთარი დანაშაულებების დამალვის მცდელობაში. ანკარაში აღნიშნავენ, რომ თურქეთს უფლება აქვს, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის შესაბამისი ზომები მიიღოს. აღსანიშნავია, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის მზადაა საუდის არაბეთიც.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით ბაშარ-ალ-ასადის ჯარისკაცებმა მოახერხეს ქალაქ ალეპოს ალყაში მოქცევა, ამ ოპერაციას ანკარაში "შიმშილობის ალყა" უწოდეს.

ალეპო რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია, ის თურქეთის საზღვრიდან 50 კმ-შია და მას ახლა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები აკონტროლებენ. საომარი თეატრისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის აღებას ასადის არმია წლებია ცდილობს, თუმცა ეს ვერ მოახერხა. რუსული ავიაციის, ჰეზბოლას ტერორისტებისა და ირანელი მეომრების დახმარებით ასადმა შეძლო ქალაქისკენ მიმავალი ძირითადი გზების გადაკეტვა. მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის შიშით ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერიტორიის დატოვება უკვე დაიწყო - დაახლოებით 70 000 ადამიანი ახლა თურქეთის საზღვრისკენ მიიწევს.

კომენტარები