რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი კანონპროექტი

AI: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თვლის, რომ თუ კანონპროექტს მიიღებენ, ის საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას ძირს გამოუთხრის. კანონპროექტის თანახმად, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ დასჯადი ხდება. აღსანიშნავია, რომ ის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2 თებერვალს პირველი მოსმენით განიხილა და მხარიც დაუჭირა. ორგანიზაცია მკაფიოდ აღნიშნავს, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს.

"კანონპროექტს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალავს ღვთისგმობას და ხელს შეუშლის გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში, პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ. კანონპროექტის მომხრეები ამ ინიციატივას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და სამღვდელოების შეურაცხყოფისგან დაცვის ღიად გამოხატული სურვილით ამართლებენ. შეურაცხყოფისგან, რომელიც, მათი აზრით, საზოგადოების ნაწილისგან ეკლესიის ღიად კრიტიკაში გამოიხატება. შემოთავაზებული კანონი წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან. მან, შესაძლოა, გააქროს რელიგიური ინსტიტუტების და მათი ლიდერების კრიტიკულობა და ჩაახშოს აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე, მათ შორის, ქალთა, LGBTI თემის და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე“, - წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კანონპროექტს წინ უძღვოდა, 2015 წლის იანვარში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ საქართველოს მთავრობისადმი მიმართვა, რათა მათ დაეცვათ ეკლესია და მრევლი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან.

"კანონპროექტში არ კონკრეტდება, რას გულისხმობს "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ შესწორების მიზანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის და სხვა ტრადიციული რელიგიების პირდაპირი თუ ირიბი შეურაცხყოფისგან დაცვაა. განმარტებით ბარათში მითითებულია სოციალური მედიის რამდენიმე გვერდი, რომლებიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და მათი ლიდერების კრიტიკას შეიცავს", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რელიგიური ინსტიტუტების საჯარო კრიტიკისგან დაცვა არა მარტო შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ გააძლიერებს კიდეც დისკრიმინაციასა და სიძულვილს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ და ხელს შეუწყობს მათზე რელიგიის სახელით ძალადობის გახშირებას.

"საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ეს კანონპროექტი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეფექტური ნაბიჯები, რათა დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ყველა ადამიანის, მათ შორის, უმცირესობების ან განსხვავებული რწმენისა თუ შეხედულებების მქონე პირების. აღკვეთოს LGBTI თემის დისკრიმინაციის ფაქტები. ძალადობისა თუ მუქარის ნებისმიერი ფაქტი უნდა იყოს სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტურად გამოძიებული და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დასჯილი", - წერს ორგანიზაცია.

კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 2015 წლის დეკემბერში შეიტანეს. მისი ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია, ხოლო ავტორი ზვიად ტომარაძე. დოკუმენტის თანახმად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 300-ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია.

---

Amnesty International-ს დოკუმენტირებული აქვს ძალადობრივი ინციდენტები, რომელთა მოტივიც ძირითადად "ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფისგან დაცვა" იყო. 

განცხადებაში წერია, რომ ხელისუფლება ხშირად განიცდიდა მარცხს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით. ორგანიზაცია იხსენებს, მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ იეჰოვას მოწმეებისა და მუსლიმების ღვთისმსახურების აღსრულებაში ხელშეშლის ფაქტებს. განცხადებაში საუბარია LGBTI საზოგადოებას და ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების წევრებზე მუქარებზეც.

"კერძოდ, ადამიანები, რომლებიც LGBTI საზოგადოებას და ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების წევრები არიან, ხშირ შემთხვევაში ხდებოდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრებისგან სიცოცხლის მოსპობით დამუქრებისა და ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლები, მას შემდეგ, რაც მათ გამოაქვეყნეს კრიტიკული განცხადებები მართლმადიდებელ ეკლესიასა და მათ ლიდერებზე.

შევიწროების და თავდასხმების მსხვერპლები ხდებოდნენ საქართველოში არსებული სხვა რელიგიური უმცირესობების წევრებიც. თბილისში, LGBTI საზოგადოების მშვიდობიან შეკრებას ეკლესიის მიმდევრებისგან ძალადობის შემცველი საპროტესტო აქცია და უმცირესობის წევრებზე ძალადობა მოჰყვა, რაც სამღვდელოებისგან ღიად იყო წახალისებული. ამ საქმეებზე გამოძიებები იყო ნელი და არაეფექტური“, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ 2013 წლის 17 მაისის ინციდენტს წინ უძღვოდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ავტორიტეტის, პატრიარქ ილია მეორის მოწოდება მთავრობისადმი, აეკრძალათ LGBTI თემის უფლებების დამცველი აქცია, რადგან, მისი თქმით, ეს შეურაცხყოფას მიაყენებდა ქართულ ეკლესიას.

"2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო გაამართლა 4 ადამიანი, რომლებიც 2013 წლის 17 მაისის ძალადობის შემთხვევებში მონაწილეობაში იყვნენ ბრალდებული, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ინციდენტებში მათი მონაწილეობის დამამტკიცებელი ფოტო და ვიდეომასალები. მეხუთე ადამიანი, რომელიც ასევე ფიქსირდებოდა ამ მასალებში, სასამართლომ უფრო ადრე გაამართლა.

2015 წლის იანვარში, ქართული LGBTI ორგანიზაციის დირექტორმა, რომელმაც გააკრიტიკა მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერები, სიკვდილით მუქარის შემცველი წერილები მიიღო. ამავე თვეში სიკვდილით ემუქრებოდნენ ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, რომელმაც Facebook-ის პოსტში გააკრიტიკა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის "მდიდრული ცხოვრების სტილი“. პოლიციას ეფექტურად არც ეს შემთხვევები არ გამოუძიებია", - წერია Amnesty International-ის განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში საუბარია ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზეც.

"2016 წლის 13 იანვარს თავს დაესხნენ ოპოზიციურ ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებს თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. ჟურნალისტებმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. თავდამსხმელები ჟურნალისტებს მართლმადიდებლობის მტრებს უწოდებდნენ, რადგან ისინი კრიტიკულად აშუქებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას. ამ ინციდენტში მონაწილე პირები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - წერია განცხადებაში.

კომენტარები