ქორწინების თანასწორობა

ლგბტ ორგანიზაციები: ვეჭვობთ, რომ ტატიშვილის ინიციატივის უკან საპატრიარქო დგას

0 კომენტარი

ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე გიორგი ტატიშვილის მიერ სარჩელის შეტანას ემიჯნებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას მოუწოდებენ, არ მოახდინონ გიორგი ტატიშვილის პიროვნების ლგბტ ჯგუფთან იდენტიფიცირება. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის ინიციატივა ლგბტ პირებისგან არ მოდის. არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ ტატიშვილის სარჩელის უკან საქართველოს საპატრიარქო დგას. NGO-ები მედიასაც მიმართავენ, შეწყდეს გიორგი ტატიშვილის იდენტიფიცირება, როგორც ლგბტ უფლებადამცველის. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ლგბტ პირების უმეტესობისთვის ქორწინების უფლება ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან ისინი დევნისა და ჩაგვრის მსხვერპლი არიან. 

"2016 წლის 27 იანვარს, ელექტრონული საინფორმაციო ვებგვერდის ambebi.ge-ის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს. საკითხის სენსიტიურობიდან და ლგბტ თემისთვის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გვსურს, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ლგბტ ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო პოზიცია:

1. საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანები განიცდიან დევნას და ჩაგვრას ცხოვრების ყველა სფეროში. მრავალი მათგანი (მათ შორის არასრულწლოვანი პირი) რჩება ქუჩაში, რადგან მათ საკუთარი მშობლები ან ახლობლები აგდებენ სახლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებისთვის ხშირია უარი დასაქმებაზე, მათ უჭირთ საკუთარი თავის გადასარჩენად ადეკვატური შემოსავლების უზრუნველყოფა. ლგბტ პირები ასევე განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობას და დევნას საჯარო სივრცეებში: ისინი ხშირად ხდებიან ცემის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაცინვის და გარიყვის მსხვერპლნი. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.

2. სწორედ ზემოთ მოცემული ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში უწევთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა. ლგბტ პირები, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, უმეტეს შემთხვევაში, ცდილობენ მათი იდენტობა და ურთიერთობები არ გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ეს შეიცავს ძალადობის დამატებით რისკს. სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა ნიშნავს საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს უწევთ მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი ძალადობა, დევნა და შევიწროება, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გახდებოდა გამოუყენებადი შესაძლებლობა.

3. გიორგი ტატიშვილს არ ჰქონია ლგბტ თემთან ზემოხსენებულ ინიციატივაზე დისკუსია და იგი მოქმედებს არა ლგბტ ადამიანების, არამედ საკუთარი სახელით. შესაბამისად, ეს ინიციატივა ლგბტ ადამიანების ინიციატივად ვერ ჩაითვლება; იგი კონკრეტულად გიორგი ტატიშვილის ინიციატივას წარმოადგენს. მისთვის ასევე ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიური განწყობების გამო, ამ საკითხის წინ წამოწევას მკვეთრად ნეგატიური უკუკავშირი მოჰყვება და ქორწინების განმარტების ცვლილების ალბათობა თითქმის არ არსებობს.

ჩვენ, ლგბტ ადამიანებთან უშუალოდ მომუშავე ორგანიზაციები, ვემიჯნებით როგორც გიორგი ტატიშვილს, ასევე მის ამ ინიციატივას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვსურს გამოვთქვათ ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი ტატიშვილის ეს ინიციატივა პროვოკაციულია და ლგბტ ადამიანების უფლებების არა დაცვისკენ, არამედ მათი დაზარალებისკენ არის მიმართული. ამ პიროვნების არაერთი მავნებლური და პროვოკაციული განცხადების თუ ქმედების, და ასევე ამ ინიციატივის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტულ ძალებთან, რომლებსაც ლგბტ ადამიანების საკითხები უნდათ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპეკულაციის, დაპირისპირების და დაძაბულობის ინსტრუმენტად გამოიყენონ. ვვარაუდობთ, რომ ტატიშვილის მიერ შეტანილი სარჩელის უკან დგანან პრორუსული პოლიტიკური თუ რელიგიური ძალები, რომლებიც ანტილგბტ რიტორიკით გამოირჩევიან და სურთ საზოგადოებაში გააჩინონ და/ან გაამძაფრონ საფრთხის განცდა ლგბტ ადამიანების მიმართ", - აცხადებენ ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ მათ ეჭვს ამყარებს საპატრიარქოს განცხადება, რომლითაც შსს-ს გიორგი ტატიშვილის დაცვისაკენ მოუწოდა.

"მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს არასოდეს გაუკეთებია მსგავსი განცხადება არც ერთ ლგბტ ადამიანზე და ხშირად პირიქით, მათზე ძალადობის განხორციელების მოტივატორიც იყო, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ საპატრიარქო დგას ამ პიროვნების და მისი ინიციატივის უკან. ჩვენი ეჭვით, სწორედ საპატრიარქოს აწყობს საზოგადოებაში ხელოვნურად მტრის ხატის და შიშის განცდის შექმნა, რათა შეშინებული ადამიანებით გააგრძელოს მანიპულირება, მოევლინოს ამ ადამიანებს მათ დამცველად და გამაერთიანებლად და შეინარჩუნოს/გაიზარდოს ძალაუფლება. სწორედ ასეთი, შიშზე თამაშის მეთოდებით, საპატრიარქო ინარჩუნებს მის ავტორიტეტს, ძალაუფლებას და სოლიდურ თანხობრივ შემოსავალს. შესაბამისად, საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ დაიჯეროს, თითქოს ეს ინიციატივა ლგბტ პირებისგან მოდის და არ მოახდინოს გიორგი ტატიშვილის პიროვნების ლგბტ ჯგუფთან იდენტიფიცირება. ასევე, მივმართავთ მედიას და მოვუწოდებთ, შეწყვიტონ გიორგი ტატიშვილის იდენტიფიცირება, როგორც ლგბტ უფლებადამცველის, რადგან მას არასოდეს განუხორციელებია უფლებადაცვითი საქმიანობა ლგბტ თემთან მიმართებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლგბტ საქართველო, WISG – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, იდენტობა და ლგბტქი ასოციაცია – თემიდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები