თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

აეროპორტი: 1 ივლისამდე რეისები დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით შესრულდება

დონეცკის აეროპორტი 2012 წელს
Alamy

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 1 მარტიდან დაიწყება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ რეისები შეცვლილი გრაფიკით შესრულდება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30 – 15:00, ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 – 20:00 შუალედში დაიკეტება. თბილისის აეროპორტის განცხადებითვე, მათ მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვთ, რომლის რეაბილიტაციაც შეუძლებელია გარკვეული შეზღუდვების გარეშე.

"გუშინ, 7 თებერვალს, ქართულ მედია სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია "თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების გაუქმების" შესახებ არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ტავ ჯორჯიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული განახლებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას მოიცავს. სწორედ ამიტომ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2016 წლის მარტიდან დაიწყება, რაც თავის მხრივ გულისხმობს, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დღის გარკვეულ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე საათით, სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის დაკეტვას (1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30 – 15:00; ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 – 20:00)", - აცხადებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აღნიშნავენ, რომ უკვე დაგეგმილ რეისებზე ფრენები დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით შესრულდება.

"პროექტზე მუშაობა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. წინასწარ დამუშავებული და გაწერილია ყველა სამუშაო პროცედურა თუ დეტალი. გრაფიკი მაქსიმალურად ითვალისწინებს თითოეული ავიაკომპანიის ინტერესს. ხოლო ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით. ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ჩასატარებელი სამუშაოების თითოეული ეტაპი იგეგმება ფრენების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს როგორც აეროპორტისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებისთვის. დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების შედეგად კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეექმნებათ როგორც ავიაკომპანიებს, ასევე მგზავრებს, რამდენადაც ისარგებლებენ აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ემსახურება, რომლის რეაბილიტაციაც შეუძლებელია გარკვეული შეზღუდვების გარეშე. მსგავსი პრაქტიკა წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ყველა იმ აეროპორტში, სადაც მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ფუნქციონირებს", - აცხადებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

კომენტარები