Maersk

უდიდესი გადამზიდავი კომპანიის, Maersk-ის მოგება 84%-ით შემცირდა

AP Photo

Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდესი კომერციული გადაზიდვების ოპერატორის დანიური Maersk-ის მოგება 2015 წელს 84%-ით შემცირდა. შემოსავლების ასეთი მკვეთრი ვარდნა Maersk-ის ნავთობის ბიზნესს უკავშირდება. Maersk Oil ჩრდილოეთის ზღვაში ასობით ნავთობპლატფორმას ფლობს, მოპოვებულ ნავთობს კი საკუთარი ტანკერებით ყიდის. ნავთობის ფასების ვარდნის გამო კი Maersk Oil-მა წელი წაგებით დაასრულა.

Maersk-ის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს მოგებამ $791 მილიონი შეადგინა, 2014 წელს კი კომპანიის წმინდა მოგება $5 მილიარდს აჭარბებდა. ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნავთობზე დაბალი ფასები 2016 წელსაც შენარჩუნდება, რაც Maersk-ისა და ამ ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის შემოსავლების კლების მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.

Maersk-ისთვის ბარელი ნავთობის ფასი, რომლის ზემოთაც კომპანია მოგებიანად მუშაობს, $44-ია. ამ დროისთვის კი ბარელი ნავთობი $27 ღირს. კომპანია თავისი 89 ათასი თანამშრომლის ნაწილის შემცირებასაც არ გამორიცხავს. 

კომენტარები