მოსამართლეების დანიშვნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 მოსამართლე აირჩია

პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გაგრძელდა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტური დარჩა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. ნინო გვენეტაძის თქმით, საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობა მცირეა და გამოსავალი არის არა შეჩერება, არამედ რეფორმა, რისთვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზადაა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს დღესაც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. ორგანიზაციები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი თქმით, თუკი საბჭოს წევრებისთვის საქალაქო სასამართლოს საჯარო განცხადებამდე იყო ცნობილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, გაუგებარია, რატომ არ შეატყობინეს მათ აღნიშნულის თაობაზე საგამოძიებო ორგანოებს. არასამთავრობო სექტორი განცხადებაში განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებაზე მოკვლევის განხორციელება არც კონსტიტუციით და არც სხვა ნორმატიული აქტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს დღესვე მოჰყვა გამოხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ლევან მურუსიძის თქმით, ამ საკითხზე საბჭო შემდეგ კვირას იმსჯელებს, დამალვას არავინ აპირებს და დიდი ალბათობით, მასალები პროკურატურაში გადაიგზავნება. საბჭოს მდივანი სამოქალაქო სექტორს თანაშრომლობისკენ მოუწოდებს.

კომენტარები