ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

თიბილოვი: რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ТАСС-ი ავრცელებს.

„მიმდინარე წელს ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ რუსულ მხარესთან კონსულტაციები რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. გვესმის რა საკითხის სირთულე და დელიკატურობა, რადგან არ გვინდა ჩვენს სტრარეგიულ მოკავშირეს შევუქმნათ სირთულეები საერთაშორისო არენაზე, ვთვლით, რომ რეფერენდუმი განსაკუთრებული ფორმით უნდა ჩატარდეს. განიხილება ხმის მიცემა კონსტიტუციაში ახალი ნორმის ჩამატებისთვის, რომლის მიხედვით სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს უფლება ექნება რუსეთის ფედერაციას მიმართოს სამხრეთ ოსეთის მის შემადგენლობაში, როგორც ახალი სუბიექტის შესვლის შესახებ“ - განაცხადა თიბილოვმა.

თიბილოვის თქმით, ასე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ მიიღებს მყარ კონსტიტუციურ საფუძველს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ და ამასთან, არ დაავალდებულებს რუსულ მხარეს სწრაფად მოახდინოს რეაგირება რეფერენდუმის შედეგებზე. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შედეგად, რუსულ მხარესთან შეთანხმებით, სამხრეთ ოსეთს ექნება შესაძლებლობა გამოვიდეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ინიციატივით.

„არ შეიძლება ჩვენ არ გვაშფოთებდეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერების გახშირებული მოთხოვნები რუსეთიუს ფედერაციისგან ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების შესახებ. ჩვენ გვაშფოთებს მთლინად საერთაშორისო ვითარების მკვეთრი გართულება, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, სირიაში და მთელ ახლო აღმოსავლეთში. ასევე, ნატო-ს მოახლოება რუსეთის საზღვრებთან, ჩვენი სამხრეთ მეზობლების მხრიდან ანტირუსული და ანტიოსური რიტორიკა. ასეთ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო მწვავედ ვგრძნობთ ჩვენი დიდი ხნის ოცნების ასრულების აუცილებლობას - დიდ რუსეთთან შეერთებას და დაყოფილი ოსი ხალხის პრობლემის გადაწყვეტას. ცხადია, რომ მხოლოდ ამ გზით უზრუნველვყოფთ საკუთარი უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი განვითარების გრძელვადიან გარანტიებს“ - განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები