თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გადააყენეს

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაცია ტაბულას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სხდომა კიდევ მიმდინარეობს.

"დეტალურ განცხადებას სხდომის შემდეგ გავავრცელებთ" - აღნიშნა მარიამ ხოფერიამ ტაბულასთან საუბარში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ჩადენილ "შესაძლო დარღვევას" დილიდან განიხილავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შოთა გეწაძე მამუკა ახვლედიანს საბჭოს კომპეტენციაში ჩარევას ედავება. სწორედ მან დააყენა საბჭოს დღის წესრიგში საკითხი, რომელიც "მოწმეთა დაკითხვის წესის ასამოქმედებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა კატეგორიების მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრისას აღმოჩენილ შესაძლო დარღვევებს" ეხება.

"აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედიოდა და შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი უფლებამოსილებაა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია. მე მაგალითის სახით ვამბობ ამას და ეს ვიწრო სპეციალიზაციები, როგორც ჩანს, გადაწყვიტა თავად სასამართლოს თავმჯდომარემ", - განაცხადა გეწაძემ.

"სპეციალიზაციას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს კანონით განსაზღვრული რამ არის და ჩვენ სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ ამ საკითხს, შესაბამისად, შეფასებას მივცემთ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება. აქ შესაძლოა, გამოვლინდეს გარკვეული დისციპლინური სამართალდარღვევაც, არც ეს არის გამორიცხული", - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ.

დღევანდელ სხდომაზე მიწვეული იყო მამუკა ახვლედიანი, თუმცა არ მივიდა. ახვლედიანმა გაგზავნილ წერილში განმარტა, რომ ის იმყოფება ე.წ. ბიულეტენზე. მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის საბჭოსთვის გამოგზავნილ წერილში მისი საკითხის განხილვა 26 თებერვლისთვის მოითხოვა.  აღნიშნული გააპროტესტეს საბჭოს წევრებმა და განაცხადეს, რომ მან უკვე რამდენჯერმე თქვა უარი საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე და მიუღებელია, როდესაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არ იმყოფება კომუნიკაციაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა რამდენიმე თვეა, არსებობს. ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. გარდა ამისა, სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვის შესახებ.

ამასთან, 3 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ეთიკის ნორმების დარღვევასა და სასამართლოს ავტორიტეტის შებღალვაში დაადანაშაულეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები