ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ომბუდსმენი: მღვდლის ლექციის ჩატარებაზე ილიაუნის უარი დისკრიმინაციული არ ყოფილა

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, დეკანოზ თეოდორე გიგნაძისთვის საჯარო ლექციების ჩატარებაზე უარის თქმა არ იყო დისკრიმინაციული.  

"სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2015 წლის 5 მარტს შემოსული განცხადება რომლითაც განმცხადებლები სადავოდ ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ არ ეძლევათ საშუალება ჩაატარონ საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოიწვიონ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ საქმეში დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვიტა საქმის წარმოება", - ნათქვამია ილიაუნის რექტორის მიმართ გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 24 დეკემბერს სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორს მიმართეს და მისგან უნივერსიტეტის შენობაში დარბაზის გამოყოფა მოითხოვეს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრების ჩასატარებლად. 2015 წლის 15 იანვარს, საჯარო შეხვედრაზე, უნივერსიტეტის რექტორმა განმცხადებლებს დეკანოზის მოწვევაზე უარი უთხრა.

კომენტარები