სტრასბურგის სასამართლო

კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი მსურველი შეარჩია

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი მსურველი შეარჩიეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციიით, სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე დაასახელა. კანდიდატთა ხუთეული მთავრობას წარედგინება, რომელიც სამ პირს აირჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.

მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს. 

სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა;საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები