ეთიოპია

მსოფლიოში საკვების ყველაზე მწვავე დეფიციტი ეთიოპიაშია

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

ჩრდილოეთაფრიკული ქვეყანა ეთიოპია მსოფლიო შიმშილის ცენტრია. ეთიოპიაში გასული ათწლეულის მანძილზე შობადობის ბუმი იყო, დღეისათვის კი მისი მოსახლეობა 94 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში სოფლის მეურნეობით მოსახლეობის 85%-ია დაკავებული, ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანა საკვებზე მოთხოვნას ვერ იკმაყოფილებს, რასაც წელს ხანგრძლივი გვალვებიც დაერთო. ეთიოპიის მოსახლეობის ერთი მესამედი შიმშილობს, მათგან 10 მილიონს კი 2016 წელს გადარჩენისთვის დონორთა დახმარება ესაჭიროება. 

ეთიოპიის ექსპორტი 2014 წელს მხოლოდ $3 მილიარდი იყო, რაც 3.7-მილიონიანი საქართველოს ექსპორტს მხოლოდ $300 მილიონით აღემატება. იმპორტი კი საქართველოსთან შედარებით $1 მილიარდით ნაკლებია. ქვეყანა საკუთარი ეკონომიკის განვითარებას პრაქტიკულად ახლა იწყებს, მისი ეკონომიკური ზრდის ტემპიც მაღალია (2014 - 7%), თუმცა დაბალი ურბანიზაციისა და სხვა სისტემური პრობლემების გამო მოსახლეობამდე მაღალი ეკონომიკური ზრდის დადებითი შედეგები ნელა მიდის. 

საერთაშორისო ორგანიზაციები UNICEF, Save the Children, Oxfam და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები წელს ეთიოპიის მთავრობისთვის $1.5-2 მილიარდის შეგროვებას გეგმავენ. აფრიკაში შიმშილის პრობლემა სხვა ქვეყნებშიც მწვავედ დგას, მათ შორისაა სამხრეთ სუდანი, ზიმბაბვე, მალავი, ანგოლა, მოზამბიკი, კონგო და სხვა ქვეყნები. World Economic Forum-ის მონაცემებით, კონტინენტზე დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი შიმშილობს. 

ეთიოპიაში გვალვისგან გამოწვეული უკანასკნელი მასშტაბური შიმშილი 1984 წელს იყო, რასაც 300-400 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები