ჰომოფობია

მართლმადიდებელი ექსტრემისტები იდენტობის ორგანიზებული ლექციის ჩაშლას ცდილობენ

თავისუფალ უნივერსიტეტში მართლმადიდებელი ექსტრემისტები ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია "იდენტობის" საჯარო ლექციის ჩაშლას ცდილობენ, რომელიც ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა თათა ცოფურაშვილმა უნდა წაიკითხოს. ლექციიზე მივიდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ეროვნული ფრონტის წარმომადგენლები. მათ შორის არიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები. 

თათა ცოფურაშვილი, რომელიც ლექციის "ჰომოფობიის სოციო-კულტურული ასპექტები" - დაწყებას ვერ ახერხებს, facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ დამსწრეები არ ჩუმდებიან და ლექცია ვერ იწყება. იდენტობის გამოცემა "17 მაისი" წერს, რომ ლექციის ჩაშლის მსურველთა რიცხვი 10-ზე მეტია.

"ისინი ცოფურაშვილს ლექციის წაკითხვის საშუალებას არ აძლევენ და ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა და ის თემები, რაზეც ამ აუდიტორიაში უნდა იმსჯელონ, ქართველობას და მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება და რომ "სექსუალური ორიენტაცია მთელს მსოფლიოში არის მარტო ერთი". მათივე თქმით, “ISIS და ალ კაიდა იდენტობაზე უკეთესი ორგანიზაციებია" - წერს 17 მაისი.

იდენტობის ცნობით: ლექცია პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში ტარდება და კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. პროექტი მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

კომენტარები