დავა მაესტროს გარშემო

ასათიანი: კიკაბიძეს ტელეკომპანიის ფუნქციონირებისთვის გადავცემ შენობას

მაკა ასათიანი
რუსთავი 2

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლის, ბაჩო კიკაბიძის განცხადებას, მაკა ასათიანი ეხმაურება. ასათიანი განცხადებაში წერს, რომ ის მზად არის კიკაბიძის ტელეკომპანიას შენობა გადასცეს ფუნქციონირებისათვის.

"გავეცანი ილია კიკაბიძის განცხადებას დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ და მინდა განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია.

ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც დაიწყო რეიდერული შეტევა მაესტროზე, ი. კიკაბიძე, როგორც მაესტროს ერთ–ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, თავს იკავებდა აემოქმედებინა თავისი ლეგიტიმური უფლებები მაესტროს ლოგოზე და ასევე დამოუკიდებელი ტელეარხის ავტორიზაცია, რომელიც დიდი ხანია გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა მაუწყებლობას.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელების გადაგრეხვით და სრულიად უკანონოდ გიორგი გაჩეჩილაძემ მოიპოვა მაესტროს საკონტროლო პაკეტი, ამჟამად კი ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არაორაზროვნად აცხადებს, რომ აკეთებს ახალ ტელევიზიას, ახალ ადგილას, ბუნებრივია, რომ მაესტროს გადარჩენისათვის ბაჩო კიკაბიძის მხრიდან გადადგმული იქნეს ეს სამართლიანი ნაბიჯი. მით უფრო სასიხარულოა, რომ მან თანამშრომლობისათვის მიმართა მამუკა ღლონტსაც.

ვინაიდან მეც ვთვლი, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი მაესტროს გადასარჩენად, ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ გადავცე ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანიას შენობა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის", - აცხადებს ასათიანი.

მაესტროს დამფუძნებლის, ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში მაესტროს სახელით ახალი ტელევიზიის მაუწყებლობას დაიწყებს. მისი განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე არა ტელეკომპანიის, არამეს შპს სტუდია მაესტროს დირექტორია.

კიკაბიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ - შპს ტელეკომპანია მაესტრომ უკვე გაიარა ავტორიზაცია, მიმართა მარეგულირებელ კომისიას და შეატყობინა, რომ საკუთარი ტელევიზიის გაკეთების სურვილი აქვს. კიკაბიძემ აღნიშნა, რომ სავაჭრო ნიშანი „მაესტრო" მან დაარეგისტრირა 2011 წლის 29 დეკემბერს.

კომენტარები