სახელმწიფო და ეკლესია

კვაჭანტირაძე შემოქმედელი მიტროპოლიტის ბრალდებებზე: არ არის მთლად მასე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე შემოქმედელი მიტროპოლიტის ბრალდებებს პასუხობს. მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, ზვიად კვაჭანტირაძის გაკეთებულ განცხადებებს ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში, ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის საქმეებში ჩარევა, ეკლესიასთან ბრძოლა და მუქარა უწოდა. ეპისკოპოსმა არ გამორიცხა, რომ მას უთვალთვალებენ. 

"არ არის მთლად მასე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მეუფე იოსებთან, უფრო სწორად, მე პირადად არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი მისი აზრი და მე ვფიქრობ, რომ იგი თავად შეძლებს დამატებით შეკითხვებს უპასუხოს, თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება. ასე არ იყო საქმე, როგორც დადგა და როგორც თქვენმა კოლეგა ჟურნალისტმა მოინდომა ამ საკითხის გაღვივება. სულ სხვა თემაზე იყო საუბარი და უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემს სტატუსში, რომელშიც დაიწყო ყველაფერი ეს, არანაირი პიროვნული მითითება გაკეთებული არ ყოფილა", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

9 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ეძღვნებოდა.

"იმედია მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ, ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ. დანარჩენს მოვუვლით და შეცდომებს აღარ დავუშვებთ", - წერდა კვაჭანტირაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ამ განცხადებას მეუფე იოსები ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. მისი თქმით, ის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არაა და პოლიტიკურ პროცესებში სასულიერო პირების ჩარევის წინააღმდეგია.

"თუ ვინმე პოლიტიკოსი მომიწოდებს, რომ ვინ მივიღო სტუმრად და ვინ არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია და ეს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაა. ეკლესიის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლება. მაჟორიტარ დეპუტატს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ვის და როდის იღებს ეპისკოპოსი სტუმრად. ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან", - ამბობს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ტელეკომპანია პირველთან საუბარში. მეუფე იოსები კვაჭანტირაძის განცხადებას შეცდომების გამოსწორების შესახებ, მუქარად აფასებს. 

კითხვაზე, თუ საიდან შეიძლება ზვიად კვაჭანტირაძეს ინფორმაცია ჰქონოდა შემოქმედელი მიტროპოლიტის რეზიდენციაში რამაზ ნიკოლაიშვილის სტუმრობის შესახებ, მეუფე იოსები პასუხობს - "გასაგებია, რომ სპეციალური სამსახურები უნდა არსებობდეს, ამას ჩვენ ყველა ვემხრობით. ფაქტია, რომ ვიღაც იყო, ვინ იყო, არ ვიცი".

მეუფე იაკობის აზრით, სასულიერო პირები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ. 

"არ არის ნორმალური, როცა სასულიერო პირი რომელიმე პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ადამიანებს. მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ჩემი მხრიდან ეს არასდროს ყოფილა", - ამბობს მიტროპოლიტი. 

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა შემოქმედელი მიტროპოლიტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შესახებ მეორე სტატუსიც დაწერა. კვაჭანტირაძე აღნიშნავდა, რომ მან დამატებით გაიგო რეზიდენციაში "მისთვის უაღრესად საპატივცემულო მეუფის" ყოფნის შესახებ. მეუფე იოსების ცნობით, "ეს ადამიანი ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი იყო. კვაჭანტირაძის თქმით, ის მეუფე იაკობს ძალიან დიდ პატივს სცემს. "მის მიმართ დიდი მოწიწება გამაჩნია, დამსახურებულად. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ იქ სადაც ის იმყოფება, მხოლოდ სიკეთე სუფევს. არ მინდა მას იოტისოდენად მაინც გული ვატკინო და გულწრფელად ბოდიშს ვუხდი, თუ რამე უხერხულობა შევუქმენი", - წერდა კვაჭანტირაძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები