თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

EMC: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა. ორგანიზაციის განცხადებით, "კრიზისიდან პროცესების გამოყვანისა და განათლების პოლიტიკის სისტემურად შეცვლის მიზნით სახელმწიფომ დროული და ქმედითი პოლიტიკა უნდა გაატაროს".

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უნივერსიტეტის შენობაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების განმეორების რისკების პრევენციის მიზნით, მიიღოს ეფექტური ზომები, მათ შორის, უნივერსიტეტის შენობაში საკმარისი საპოლიციო ძალების მობილიზების გზით.

ასევე, ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, გამოხატოს პოლიტიკური ნება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უშიშროების სამსახურების საქმიანობას შეისწავლის და უზრუნველყოფს არსებულ უკანონო და რეპრესიული პრაქტიკების აღმოფხვრას.

"უმაღლესი განათლების სისტემაში გამოვლენილი ფუნდამენტური ხარვეზების გათვალისწინებით, მთავრობამ უნდა გამოხატოს მზადყოფნა უმაღლესი განათლების სისტემის არსებით რეფორმირებაზე, მათ შორის, თვითმართველობის არსებული სისტემის გარდაქმნაზე; ასევე EMC მიიჩნევს, რომ თსუ-ს რექტორმა და სხვა მმართველობითმა ორგანოებმა უზრუნველყონ მონაწილეობითი და დემოკრატიული პროცესის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება სტუდენტური ჯგუფების მიერ დაყენებული მოთხოვნების სათანადო განხილვა" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს სტუდენტების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, უკან დახევის გადაწყვეტილება უნივერსიტეტში შექმნილი უმართავი ვითარების გამო მიიღო.

გაფრინდაშვილის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა რექტორ ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, პაპავა უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდა. მოთხოვნას არ დაეთანხმნენ საპირისპირო აზრზე მყოფი სტუდენტები, რომლებიც პაპავას ეფექტურ, სამართლიან მმართველად მიიჩნევენ. ეს დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რექტორის კაბინეტთან შეკრებილი სტუდენტები და თვითმმართველობის წევრები ერთმანეთს ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ორივე მხარეს უნივერსიტეტის ავტონომია სურს, თუმცა უთანხმოების მთავარი მიზეზი სენატის გამართვა გახდა. თვითმმართველობის წევრები სხდომის გამართვას, სტუდენტთა მეორე ნაწილი კი გაფრინდაშვილისგან კანდიდატურის უპირობოდ მოხსნას ითხოვდნენ. უნივერსიტეტში მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცვავები იყვნენ მობილიზებულები და თვითმმართველობის წევრებსა და სტუდენტებს შორის იდგნენ. ისინი დაპირისპირებულ მხარეებს ერთანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გაფრინდაშვილს ურჩიეს, ვითარების განსამუხტად კანიდიდატურა მოეხსნა. 

კომენტარები