თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ის სტუდენტები: პრემიერი პირადად უნდა დაინტერესდეს შექმნილი სიტუაციით

ტაბულა

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები მოუწოდებენ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თსუ-ის სტუდენტებს შეხვდეს. სპეციალურ ბრიფინგზე სტუდენტებმა ასევე მოუწოდეს შს და განათლების მინისტრებს, დაინტერესდნენ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით. მათივე თქმით, პოლიცია სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისგან არ იცავს.

"115-ე აუდიტორიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვიყავით და განვიხილავდით უნივერსიტეტისთვის საჭირბოროტო საკითხებს, არავითარი შეხლა-შემოხლა არ მომხდარა. როცა სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამართა კონტრაქცია, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დესტაბილიზაცია უნივერსიტეტში და ხელჩართული ბრძოლა ადმინისტრაციასთან, უნივერსიტეტის დაცვასთან და პოლიციასთან.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, მხარი დაგვიჭიროს და მოვიდეს პირველ კორპუსთან. როგორც ჩანს, გარკვეული ძალები ცდილობენ ავტონომიური უნივერსიტეტის უფლება ჩამოართვან სტუდენტებს და ლექტორებს. ჩვენ ეს მოთხოვნა რადიკალურად დავაყენეთ, ჩვენ უკან არ დავიხევთ და კანონის დონზე, მოვითხოვთ ყველაფრის გაკეთებას.

თუ პოლიცია ჩვენს უფლებას არ დაიცავს, თუ ჩვენ აქ ვინმე ფიზიკურად შეგვეხება, ვთხოვ მომხრეებს, დაგვიცვან. ჩვენ აქ ვართ მცირე რაოდენობით, დაახლოებით 50 სტუდენტი და არ შეგვწევს ძალა, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ნეოფაშისტურ ძალას", - თქვა დღევანდელ ბრიფინგზე სტუდენტმა გოჩა სურგულაძემ.

კიდევ ერთი სტუდენტის, თორნიკე შევარდნაძის ცნობით, მეორე დღეა, პოლიცია უნივერსიტეტში არ უშვებს მათ მხარდამჭერებს, თუმცა, უპრობლემოდ მოახერხეს შენობაში შესვლა და რექტორის კაბინეტში შეჭრა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მომხრეებმა.

"სამწუხარო რამ მოხდა - თვითმმართველობის წარმომადგენელმა და სხვა გაურკვეველმა ადამიანებმა, რომლებიც მათთან ერთად მოძრაობდნენ, დაიკავეს რექტორის კაბინეტი. ამის აღსაკვეთად არაფერი არ გააკეთა პოლიციამ, რომელიც გუშინდელიდან არ უშვებს ჩვენს მხარდამჭერებს. თვითმმართველობის 150-მა კაცმა კი, უპრობლემოდ მოახერხა რექტორის კაბინეტში შეჭრა. ეს სსკ დანაშაულია - შეჭრა და თავდასხმა პიროვნებაზე. რექტორი არ იყო კაბინეტში, მაგრამ გარანტია არ იყო, რომ იქ არ დახვდებოდათ და მას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მოვუწოდებთ პოლიციას, გამოიჩინონ კეთილგონიერება, ან არ შეუშვან არავინ ან შეუშვან ყველა, მათ შორის, ჩვენი ასობით მხარდამჭერი. მოვუწოდებთ შს მინისტრს, განათლების მინისტრს, დაინტერესდნენ შექმნილი სიტუაციით. ასევე, მოვუწოდებთ პრემიერს, მოვიდეს უნივერსიტეტში, ჩვენთან, გაეცნოს სიტუაციას, რადგან პროცესი გაცდა შიდასაუნივერსიტეტო ფარგლებს, სახელმწიფო დონემდე ააღწია და პრემიერი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს პირადად. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში, გვაქვს 115-ე აუდიტორია და ველოდებით მას", - განაცხადა შევარდნაძემ.

კომენტარები