საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნების მომენტიდან შევა. გამოქვეყნება კი, 15 დღის ვადაში - საკანონმდებლო მაცნეში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ, გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეც. 

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონებში შევა. 

მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან შედის და 15 დღეში საკანონმდებლო მაცნეში ქვეყნდება. 

ადამიანის უფლებების კომიტეტი განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ ცვლილებებს "ნორმებს შორის სამართლებრივი კოლიზიის აღმოსაფხვრელად" ითხოვს. კანონპროექტის მიზანია, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან, გადაწყვეტილების ძალაში შესვლასა და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იურიდიული ძალის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება", ასევე "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის ნორმათა შესაბამისობის უზრუნველყოფა".

განმარტებითი ბარათის თანახმად, "საჭიროა, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ გამოცხადება, რა დროსაც სასამართლო სხდომათა დარბაზში მყოფ მხარეებს და სხვა დამსწრე პირებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძირითად შინაარსს გააცნობს, ხოლო მეორე მხრივ, ამავე გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ფორმით და დადგენილ ორგანოში გამოქვეყნება, რასაც უკვე ფართო საზოგადოების ინფორმირების დატვირთვა გააჩნია და გადაწყვეტილების ძალაში შესვლას განაპირობებს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა არა სხდომაზე მისი გამოცხადების, არამედ მოგვიანებით - მისი გამოქვეყნების მომენტიდან, შესაძლებლობას მისცემს მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, წერილობით ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს თავისი განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი და კანონით დადგენილ ვადაში (მიღებიდან 15 დღეში) ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად გამოსაქვეყნებლად საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გადასცეს".

კომენტარები