ბიძინა ივანიშვილი

Bloomberg: ოლიგარქის გამქრალი მილიონები და Credit Suisse-ის დაკავებული ბანკირი

George Nebieridze / BuzzFeed

Bloomberg-ი საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული Credit Suisse-ის ქონებრივი დავის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები შვეიცარიულ ბანკს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, საქმეზე ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი უკვე დაკავებულია. 

დაკავებული ბანკირი Credit Suisse-ში ივანიშვილის განთავსებულ ერთ მილიარდ დოლარს განკარგავდა. დაკითხვის მასალებში დაკავებული ბანკირი იხსენებს, რომ ივანიშვილმა 2009 წელს Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალში არასარისკო ანგარიშებზე განთავსებული $600 მილიონის შედარებით უფრო რისკიან, აქციებში გადატანა მოითხოვა. სინგაპურის ფილიალმა ივანიშვილის თხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა იმ კომპანიის აქციები, რომელშიც ივანიშვილს სურდა ინვესტირება მნიშვნელოვნად გაიზარდა, შედეგად კი ივანიშვილმა წარმატებული ინვესტიცია ხელიდან გაუშვა.

ივანიშვილის ყოფილი ბანკირი იხსენებს, რომ ამ ამბის შემდეგ მან უფრო მაღალი მოგების მისაღწევად კლიენტებისგან ფარულად დაიწყო მათი ანგარიშების განკარგვა და სარისკო ოპერაციების შედეგად ის წლიურად 180%-იან მოგებაზე გადიოდა. კონსულტანტი იხსენებს, რომ ის Credit Suisse-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკირი გახდა. ყველაფერი კი 2012 წელს ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია RAPTOR-ში ინვესტირებით შეიცვალა, კომპანიის აქციები 2013 წელს გაორმაგდა და ის ივანიშვილისთვის მომგებიანი ინვესტიცია იყო. 2015 წლის სექტემბერში RAPTOR-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კომპანიამ ახალი მედიკამენტების ტესტირება წარუმატებლობით დაასრულა, შედეგად კი ერთ დღეში მისმა წაგებამ 37% შეადგინა. ივანიშვილმა ამის შედეგად $100 მილიონი დაკარგა.

Credit Suisse-მა ბანკირი თანამდებობიდან სექტემბერშივე გაათავისუფლა, გასული წლის დეკემბერში კი მის წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. Credit Suisse-მა თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკიდან 1.5 მილიარდი ფრანკის მოცულობის ფინანსური რესურსი გაედინა.

დაკავებული ბანკირის სახელის მედიით გავრცელება შვეიცარიული კანონმდებლობით აკრძალულია.

კომენტარები